
აგროპროგრამის ამოქმედებიდან ერთ თვეში ფერმერული მეურნეობების რეესტრში 833 ახალი სუბიექტი დარეგისტრირდა
სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 1 ივლისიდან 31 ივლისის მდგომარეობით, ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტი დარეგისტრირდა. მათგან 460 ფიზიკური, ხოლო 374 იურიდიული პირია.
უწყების ცნობით, ამავე პერიოდში დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საერთო ფართობმა 6 777 ჰექტარი შეადგინა.
უწყება წერს, რომ ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრს სოფლის განვითარების სააგენტო აწარმოებს და მისი მთავარი მიზანი ფერმერული მეურნეობებისა და აგრობიზნესის შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნაა. ამასთან, აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაცია სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
სააგენტოში განმარტავენ, რომ რეესტრში რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც თბილისში, სოფლის განვითარების სააგენტოში (დევი აბაშიძის #10ა), ისე რეგიონებში მუნიციპალიტეტებში მოქმედ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, რომლის აუცილებელი პირობაც რეესტრში რეგისტრაციაა 2026 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. განახლებული პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსებას ერთიან ჩარჩოში აქცევს და ამავე დროს ამკაცრებს პროექტების შესრულების, მონიტორინგის, აუდიტისა და აღრიცხვის მოთხოვნებს.
პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებისთვის გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთს საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით (ამჟამად 8.25%) დააფინანსებს, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. ამასთან, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ერთი ბენეფიციარისთვის სესხის მოცულობა 10 000-100 000 ლარის ფარგლებში განისაზღვრა, ხოლო მარცვლეული კულტურების წარმოების შემთხვევაში - 10 000-დან 300 000 ლარამდე.
დაფინანსება განკუთვნილია ერთწლოვანი კულტურების - ბოსტნეულის, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურების - ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად. პროგრამა მოიცავს სათესი და სარგავი მასალის, სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, საწვავისა და სარწყავი მილების შეძენის ხარჯებს. სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული კულტურისთვის ერთ ჰექტარზე დასაშვები მაქსიმალური ხარჯიც განსაზღვრულია.
ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს. პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაციაა. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
BM.GE
წყარო: bm.ge