
აგროსასურსათო პროდუქტების გაიაფების ტენდენცია მოსალოდნელი არ არის - "ფერმერთა ასოციაცია"
უახლოეს მომავალში აგროსასურსათო პროდუქტების გაიაფების ტენდენცია მოსალოდნელი არ არის - ამის შესახებ BMG-სთან „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი აცხადებს.
მისი განმარტებით, სურსათის ფასები პირდაპირ არის დამოკიდებული როგორც შიდა, ისე საგარეო ფაქტორებზე. კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული „ტურბულენტური გარემო“ საქართველოზე განსაკუთრებით მწვავედ აისახება, რადგან ქვეყანა დიდწილად არის დამოკიდებული იმპორტზე - როგორც საბოლოო პროდუქციის, ისე წარმოებისთვის საჭირო დამხმარე საშუალებების ნაწილში.
„ძალიან რთულია ფასების პროგნოზირება, თუმცა, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს, სამწუხაროდ, წნეხი მზარდია და სურსათის ფასების რამე შემცირების ტენდენციებს უახლოეს მომავალში ვერ ვხედავთ. ეს უკავშირდება იმ რისკებსაც, რაც სოფლის მეურნეობაში უკვე არსებობს და კიდევ უფრო მწვავდება - გაზრდილია საწვავის ფასი, მუშახელის ფასი, გაძვირებულია აგროსაშუალებები, სერვისები და ასე შემდეგ. ანუ ყველა ძირითადი კომპონენტი, რითაც, ზოგადად, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასები წარმოიქმნება - გაზრდილია.
შეიძლება, ერთეულ პროდუქტებზე ფასები შემცირდეს კიდეც, მაგრამ მთლიან ჭრილში, სხვა ტენდენციაა. დამოკიდებულები ვართ გარე ფაქტორებზე“ - აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი BMG-სთან.
ამასთან, მისივე ცნობით, გაზრდილია მუშახელის ანაზღაურება და კომუნალური სერვისების - წყლისა და ელექტროენერგიის ფასი. რთული კლიმატური წელი კი, დამატებით რისკებსა და ხარჯებს უქმნის ფერმერებს.
„წარმოებისთვის საჭირო რესურსების გათვალისწინებით, ფერმერისთვის გაზრდილია თვითღირებულება. ასევე, საკმაოდ რთული წელია კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. იმისთვის, რათა ფერმერმა ღირსეულად გაყიდოს თავისი მოყვანილი პროდუქცია, მას მოუწევს თვითღირებულებას თავისი მოგების მარჟა დაამატოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ თვითღირებულება გაზრდილია, ფერმერმა გაზრდილი ფასით უნდა გაყიდოს, ან თავისი მოგება უნდა შეამციროს. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ გაზრდილი ფასით გაყიდოს, რომ მას რაღაც შემოსავალი დარჩეს“ - აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge