
ახალი 70,000-ადგილიანი სტადიონის მშენებლობისთვის მიწების ექსპროპრიაცია გრძელდება
ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალური განვითარების ფონდს, თბილისში აეროპორტის გადასახვევთან მიწის ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა - ამას ითვალისწინებს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანება.
დოკუმენტის თანახმად, იძულების წესით მიწის გამოსყიდვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ 537 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ეხება. აღნიშნულ არეალში უკვე გამოსყიდულია ტერიტორიის ძირითადი ნაწილი, რაც შავი ზღვის უნივერსიტეტის მშენებარე კამპუსს მოიცავდა, რომლის ფართობიც 101,000 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, ახლა კი ტერიტორიის გარშემო ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ნაკვეთების გამოსყიდვა გრძელდება.
ბრძანების მიხედვით, პროექტი ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად, რის საფუძველზეც კომპანიას შეუძლია კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილობრივი ჩამორთმევა.
"პროექტის განხორციელების მიზნით საჭიროა პროექტის არეალში მოქცეული კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა. ამასთან, ფონდის მიერ შეთანხმება, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, შალვა ლოლაძის პირველ გასასვლელში №6-ში მდებარე 537 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე №1 შენობის (მშენებარე, საერთო ფართი 588.40 კვ.მ), ს.კ N01.19.25.001.018 ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ფონდმა მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა", - ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, მთავრობამ 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის აშენებისთვის 876 მილიონი ლარის ღირებულების საერთაშორისო ტენდერი გასული წლის აგვისტოში გამოაცხადა, თუმცა წინადადებების მიღების შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განაცხადა, რომ აღნიშნული ტენდერის ანულირება მოხდებოდა და მომავალში ტენდერი თავიდან გამოცხადდებოდა, ხოლო 2026 წლის ბიუჯეტში კი პროექტის მშენებლობა გათვალისწინებული აღარაა. თუმცა მასზე მიწის გამოსყიდვის სამუშაოები კვლავ გრძელდება. პროექტის დაფინანსებას არც 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი არ მოიცავს .
ახალი სტადიონის საპროექტო ტერიტორია:
BM.GE
წყარო: bm.ge