
ახალი საპორტო ამწის დამატებით APM TERMINALS POTI-ს გამტარუნარიანობა 650 000 TEU-მდე იზრდება
ახალი პორტატული ამწის დამატებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გამტარუნარიანობა 650 000 TEU-მდე გაიზრდება - ამის შესახებ „საქმის კურსში“ სტუმრობისას „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ჩხარტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 1.5 წლის განმავლობაში, გაზრდილი ტვირთბრუნვის საპასუხოდ, APM-მა ფოთის პორტის და შესაბამისად, „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობა 100 000 TEU-თი გაზარდა.
„რამდენიმე წელია ჩვენ წარმატებით ვუმკლავდებით გაზრდილ ტვირთნაკადს, მაგრამ არ შეიძლება მუდმივად ოპერაციების გაუმჯობესების და პროცედურების გაუმჯობესების ხარჯზე მივაღწიოთ მიზნებს. თქვენ იცით, საკონტეინერო გადაზიდვების კუთხით ზრდა მუდმივად ფიქსირდება და იმის გამო, რომ ჩვენ სრულად დავაკმაყოფილოთ წლევანდელი წლის მზარდი ნაკადი დავგეგმეთ ეს მოკლევადიანი ინვესტიცია - 7.1 მლნ დოლარის ოდენობით. ამ ინვესტიციით ჩვენ ახალ მობილურ ამწეს ვიმატებთ და ამით როგორც საქართველოს, აგრეთვე „ შუა დერეფანს“ დამატებით 50 000 TEU კონტეინერის გამტარუნარიანობას შევმატებთ და საბოლოო ჯამში ფოთის საზღვაო ნავსადგურს შესაძლებლობა ექნება 650 000 TEU დაამუშაოს წლის განმავლობაში“, - ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი და აღნიშნავ, რომ „ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში განსახორციელებელი სამუშაოებია. მთავარი კი, ფოთის პორტის გაფართოების პროექტია.
კითხვაზე: რა ეტაპზეა ამ საკითხზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ჩხარტიშვილი ამბობს, რომ პროცესი წინ არ დაძრულა და ამ ეტაპზე მხოლოდ მიმდინარე პრობლემებზე ფოკუსირება რჩება.
„ვდისტანცირდით, აღარ ვსაუბრობთ უშუალოდ ფოთის პორტის გაფართოების პროექტზე, რომ არ შევაფერხოთ ჩვენ მიმდინარე გეგმები“, - ამბობს ჩხარტიშვილი.
მიმდინარე კომუნიკაციისას კი იმ სუსტი წერტილების გამოსწორება ხდება, რაც მოკლე ვადაში არსებული ტვირთნაკადის ეფექტიანი მართვისთვის არის საჭირო.
„მივიღეთ დაპირება, რომ სახელმწიფო პროცედურებს (ეს იქნება საზღვრის კვეთის პროცედურები, საბაჟო პროცედურები) გააუმჯობესებს. ჩვენ ჩვენი მხრიდან ავიღეთ ვალდებულება და დავსახეთ გეგმები, რომ აუცილებლად გავუმკლავდებით მოზღვავებულ ტვირთნაკადს. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმას, ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია. ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხს. შიგადაშიგ გვაქვს ხოლმე ამ საკითხთან შეხება, მაგრამ როგორც ასეთი, ჩაღრმავებით ჩვენ არ დავბრუნებივართ ამ საკითხს“ - ამბობს ჩხარტიშვილი.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მეორე კვარტალში, ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა.
საკონტეინერო გადაზიდვები: მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ნავსადგურმა 185,537 TEU კონტეინერი დაამუშავა. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება წინა წლების მონაცემებს: 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი 167,056 TEU-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს 145,666 TEU-ს.
გენერალური ტვირთი: 2026 წელს კომპანიის მიერ დამუშავდა 213,237 ტონა გენერალური ტვირთი. შედარებისთვის, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 154,167 ტონა იყო, ხოლო 2024 წელს 120,144 ტონა.
საბორნე გადაზიდვები: წლის დასაწყისიდან დღემდე საბორნე გემებით მიღებულმა ტვირთმა 106,646 ტონა შეადგინა (2025 წელს - 84,564 ტ, 2024 წელს - 81,816 ტ).
BM.GE
წყარო: bm.ge