
Alibaba-მ ახალი ხელოვნური ინტელექტის ჩიპი წარადგინა
ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Alibaba-მ ახალი ხელოვნური ინტელექტის ჩიპი Zhenwu M890 წარადგინა. არსებული ინფორმაციით, დასახელებული პროდუქტით კომპანია მიზნად Nvidia-ს პროცესორების ადგილობრივი ალტერნატივების შექმნას ისახავს.
Alibaba-ს შვილობილი ნახევარგამტარული საწარმო T-Head-ის მიერ შექმნილი ახალი ნაწარმი წინამორბედ Zhenwu 810E მოდელთან შედარებით სამჯერ მაღალ ეფექტურობას უზრუნველყოფს. ახალი პროცესორი შეიქმნა სპეციალურად იმ პროგრამული სისტემებისთვის, რომლებიც ადამიანის მინიმალური ზედამხედველობით კომპლექსურ, მრავალსაფეხურიან ამოცანებს ასრულებენ.
ამასთან, ახალი ჩიპები ეფექტურად უმკლავდება მეხსიერებისა და კომუნიკაციის იმ დიდ მოთხოვნებს, რომლებიც რეალურ დროში მოდელების კოორდინაციას ესაჭიროება. კომპანიამ ტექნოლოგია ყოველწლიურ კონფერენცია Alibaba Cloud Summit-ზე ახალ სერვერულ სისტემასთან, Panjiu AL128-თან ერთად წარადგინა. დასახელებული სერვერული პლატფორმა ერთ ბლოკში 128 ამაჩქარებელ ჩიპს აერთიანებს.
პარალელურად, კომპანიამ წარადგინა ახალი დიდი ენობრივი მოდელი Qwen 3.7-Max-ი, რომელიც გაუმჯობესებული პროგრამირებისა და ხანგრძლივი პროცესების შესასრულებლად შეიქმნა. დასახელებულ მოდელს ეფექტურად, პროდუქტიულობის შემცირების გარეშე მუშაობა გადაბმულად 35 საათის განმავლობაში შეუძლია.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კონფერენციის დასრულების შემდეგ Alibaba-მ ჩიპების განვითარების მრავალწლიანი სტრატეგიაც გამოაქვეყნა. კორპორაცია 2027 წლის მესამე კვარტალში ახალი პროცესორის V900 მოდელის გამოშვებას გეგმავს. 2028 წელს კი ბაზარზე მომდევნო თაობის J900 ჩიპს გამოიტანს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ V900 მოდელი ეფექტურობის კიდევ სამმაგ ზრდას უზრუნველყოფს.
როგორც ირკვევა, ჩინეთის ეს სტრატეგია მიზნად ვაშინგტონის მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების ფონზე ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას ისახავს. ანალოგიური გეგმები გასულ წელს კომპანია Huawei-მაც გააჟღერა.
ცნობისთვის, გასულ წელს Alibaba-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სამი წლის განმავლობაში 380 მილიარდი იუანის ($53 მლრდ.) ინვესტიციას განახორციელებს.
BM.GE
წყარო: bm.ge