
ალვანური ღვინო ექსპორტზე - საოჯახო მარანი „ითაბანი“ შვეიცარიის ბაზარზე გავიდა
კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარე კოჭლამაზაშვილების საოჯახო მარანი „ითაბანი“ შვეიცარიის ბაზარზე გავიდა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აგროტურისტული მეურნეობის მასპინძლობის მენეჯერმა თამთა ჩაგოშვილმა ისაუბრა.
როგორც ჩაგოშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე ექსპორტზე დიდი მოცულობის ღვინო არ გასულა, რადგან „ითაბანის“ პროდუქცია ქართულ ბაზარზეც მაღალი მოთხოვნით სარგებლობს.
„ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი რაოდენობა გავუშვით, რადგან საქართველოშიც საკმაოდ ბევრი იყიდება. თუმცა, ჩვენს მიერ წარმოებული ღვინის დაახლოებით 60%-ის შეძენა სურს კომპანიას, რომელსაც პროდუქციის შვეიცარიაში გატანა უნდა. მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი“, – განაცხადა თამთა ჩაგოშვილმა.
მისი თქმით, ბიომეურნეობის სტატუსი და ღვინის წარმოების ბუნებრივი მეთოდი უცხოელი პარტნიორების განსაკუთრებული ინტერესის მთავარი მიზეზი გახდა.
„როდესაც გაქვს ბიომეურნეობა, ამ შემთხვევაში უკვე ბევრი კოზირი გიჭირავს, რადგან შენს პროდუქციას, იქნება ეს ღვინო თუ სხვა პროდუქტი, არ ამატებ იმ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც საბოლოოდ ხარისხს აფუჭებს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, ასევე ღვინის დაყენების მეთოდი და ის ხარისხი, რაც ჩვენ დავდეთ“, – განაცხადა თამთა ჩაგოშვილმა.
მისივე თქმით, შვეიცარიიდან ინტერესმა ღვინის დეგუსტაციისა და მოლაპარაკებების შემდეგ კონკრეტული თანამშრომლობის ფორმა მიიღო.
„დიდი იყო ინტერესი შვეიცარიიდან და როდესაც მოხდა ღვინის დეგუსტაცია და მოლაპარაკებები, ძალიან გაგვიხარდა, რომ შეთანხმება შედგა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები კიდევ მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიებთან და ვფიქრობთ, მომავალში ბაზარს კიდევ უფრო გავზრდით“, – აღნიშნა მან.
კოჭლამაზაშვილების საოჯახო მარანი „ითაბანი“ ოფიციალურად 2023 წელს გაიხსნა. იგი მდებარეობს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, თუშეთისკენ მიმავალი გზის პირას და წარმოადგენს აგროტურისტულ მეურნეობას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ვენახს, თხილის ბაღს, ტრადიციულ მარანს (ქვევრებით) თავისი სადეგუსტაციო სივრცით და ღია და დახურულ ტერასებს კავკასიონის ულამაზესი ხედებით. აგროტურისტული მეურნეობა ასევე მოიცავს ტრადიციული თუშური გუდის ყველის შესაფუთ მცირე საწარმოს, რომელსაც უკვე 20-წლიანი ისტორია აქვს.
BM.GE
წყარო: bm.ge