
ანაკლიის პორტი თანამედროვე ოქროს საწმისია და რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - ჯაბა თარიმანაშვილი
„ანაკლიის პორტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - ამის შესახებ „საქმის კურსთან“ „ტრანს ლოგისტიკას“ დირექტორმა ჯაბა თარიმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გლობალური გეოპოლიტიკური კრიზისებისა და გადაკეტილი საზღვაო მარშრუტების ფონზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად იქცა.
„ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორი მიუთითებს, რომ არსებული საპორტო ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნას, რაც ქვეყანას დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობებს აკარგვინებს.
„დღეს ჩვენ გვაქვს ორი პორტი. ბათუმის პორტი, ქალაქის ცენტრშია, პირდაპირ ცენტრალური გზა გადის ფაქტობრივად პორტის კედელთან და შესაბამისად, ბათუმის პორტს მეტი განვითარების საშუალება არა აქვს. ამ ნავსადგურს შეუძლია დაახლოებით 2 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი გადაამუშაოს და საოპერაციო პროცესების სრულყოფით, რაც შეუძლიათ იმაზე მეტს აკეთებენ ფაქტობრივად და ამ 2 მილიონ ტონას პლუს-მინუს ასრულებენ. ფოთის პორტიც ანალოგიურ მდგომარეობაშია. ფოთის პორტიც ქალაქში მდებარეობს, კი არის განვითარების ხედვები, მაგრამ იმ მასშტაბის განვითარებას ფოთის პორტიც ვერ მოახერხებს, რომ შეძლოს, პანამაქსის ტიპის გემებისთვის სხვადასხვა ნომენკლატურის ტვირთის დაგროვება. ჩვენ შეიძლება მრავალი ნომენკლატურის ტვირთი მოვიზიდოთ, თუ გვექნება რეალურად სივრცე, სადაც შევძლებთ 80 000 ტონის პარტიების გემებისთვის ნაყარი, გენერალური ტვირთების მიღებას და დაგროვებას. ფოთის პორტს შეუძლია პლუს-მინუს 8 მილიონი ტონის გადამუშავება და ისინიც თავისი საოპერაციო შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. მე ყოველდღიურად ვიღებ ძალიან ბევრ მოთხოვნას და როცა ამ მოთხოვნას ვაგზავნი, მაგალითად, გოგირდის გადამუშავებაზე ან აზოტის გადამუშავებაზე ან არმატურის თუ სხვა გენერალური ტვირთების გადამუშავებაზე, ფიზიკურად ადგილი არ არის რომ მივიღოთ. ამიტომ გვიწევს ძიება თურქეთის პორტების და თურქეთიდან ან პირიქით ავტომობილებით გადაზიდვა, რაც საბოლოო ჯამში აძვირებს ამ გადაზიდვას“, - ამბობს თარიმანაშვილი.
მისივე თქმით, წითელი ზღვისა და ჰორმუზის სრუტის პარალიზებამ, ასევე რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა, შუა დერეფანი ერთადერთ უსაფრთხო გზად აქცია. ამ კონტექსტში, ანაკლიის პორტი მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი აღარ არის.
„ანაკლია საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და პროექტი აუცილებლად უნდა დასრულდეს. ანაკლია არის ჩვენთვის თანამედროვე რენესანსი, თანამედროვე ოქროს საწმისი, რაც ყველაზე მაღალ პრიორიტეტში უნდა იყოს არა მარტო ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის,“ — განაცხადა ჯაბა თარიმანაშვილმა.
სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ უცხოელი ინვესტორების მოლოდინი, არამედ რეგიონის ქვეყნების — აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის — მაღალ დონეზე ჩართულობა, რათა შეიქმნას ერთიანი, გამართული და ციფრული ლოგისტიკური ჯაჭვი.
BM.GE
წყარო: bm.ge