
„ანიგოზი“ პირველი ბრენდული მაღაზიას ხსნის - როგორია კომპანიის განვითარების გეგმა?
ქართული კაკლისა და თხილეულის მწარმოებელი კომპანია „ანიგოზი“ საცალო ვაჭრობის მიმართულებით ფართოვდება. „ანიგოზის“ დამფუძნებელი ანი ქევხიშვილის ინფორმაციით, კომპანიის პირველი ბრენდული მაღაზია დეკემბერში თბილისში, ვაკეში, აბაშიძის ქუჩის 62 ნომერში გაიხსნება და ობიექტში მომხმარებლებს ქართული თხილეულის, კაკლისა და ჩირეულის ფართო ასორტიმენტი დახვდებათ. განვითარების გეგმაზე "ანიგოზის" დაფუძნებელმა BMGTV-ს გადაცემა "ქალების ნარატივში" ისაუბრა.
მისი თქმით, მაღაზიის მთავარი კონცეფცია მაღალი ხარისხის, ნატურალური და ბაზარზე შედარებით ნაკლებად ხელმისაწვდომი პროდუქტების მომხმარებლისთვის შეთავაზებაა. ის აღნიშნავს, რომ ასორტიმენტში განსაკუთრებული ადგილი ქართულ პროდუქციას დაეთმობა, მათ შორის ისეთ ჩირეულს, რომლის მწარმოებლების ძირითადი საქმიანობა დღეს ექსპორტზეა ორიენტირებული.
„პირველი საფირმო მაღაზიის გახსნა დიდი ხანია გვინდოდა და ახლა უკვე ამ პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს იქნება თხილეულისა და ჩირეულის სპეციალიზებული მაღაზია, სადაც მთავარი აქცენტი ხარისხიან, ნატურალურ პროდუქტებზე გაკეთდება. მომხმარებელს შევთავაზებთ პრემიუმ ხარისხის, მაქსიმალურად უშაქრო ჩირეულს, მათ შორის ისეთ სახეობებსაც, რომლებიც დღეს ქართულ ბაზარზე ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ ახალი გადამუშავებული და გამშრალი პროდუქცია.
მაღაზიის ძირითადი ასორტიმენტი ქართული ჩირი და თხილეული იქნება. საქართველოში გვყავს არაერთი თანამედროვე და სერტიფიცირებული საწარმო, რომელიც წარმატებით ახორციელებს ექსპორტს, თუმცა მათი პროდუქციის დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე არ გვხვდება, რადგან წარმოება ძირითადად საექსპორტო შეკვეთებზეა ორიენტირებული. ამჟამად, აქტიურად ვაგემოვნებთ და ვამოწმებთ ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციას, რათა მაღაზიაში მხოლოდ ხარისხის მკაცრი კრიტერიუმებით შერჩეული, სერტიფიცირებული და სათანადოდ გადამუშავებული პროდუქტი შევიტანოთ.
ამ ეტაპზე ჩირეულის საკუთარი წარმოების დაწყებას არ ვგეგმავთ. ჩვენი მთავარი პროდუქტი კი, რითაც „ანიგოზის“ ისტორია დაიწყო, ქართული კაკალი და ნიგოზი იქნება. ნიგოზის გადამუშავება ადგილზე მოხდება და მომხმარებელს ყოველდღიურად ახალი გატეხილი ნიგოზის შეძენის შესაძლებლობა ექნება“, - აცხადებს ანი ქევხიშვილი.
კომპანიის დამფუძნებელი იმასაც განმარტავს, რომ მაღაზიის დეკემბერში გახსნა საახალწლო პერიოდში მათ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული. ამასთან, საცალო მიმართულების განვითარებასთან ერთად, „ანიგოზი“ მომავალი წლიდან სავაჭრო ობიექტების ქსელის გაფართოებასაც გეგმავს.
„გვაქვს გეგმა, დავამატოთ ლოკაციები. გვინდა, ეს მაღაზიები უბნის მაღაზიის ტიპის იყოს, ანუ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და არა ხელმიუწვდომელი. ჩვენი მიზანია, თხილეულისა და ჩირეულის შეძენის პირველი წყარო გავხდეთ მათთვის, ვისაც ხარისხიანი პროდუქტი სურს. ვფიქრობთ, შევძლებთ, ქსელურ მაღაზიებთან შედარებით, პროდუქცია დაახლოებით 10-20%-ით დაბალ ფასად შევთავაზოთ და ამავდროულად გაცილებით უკეთესი ხარისხი უზრუნველვყოთ.
მომავალ წელს მაღაზიების დამატება და ერთგვარი ქსელური კონცეფციის ჩამოყალიბება გვინდა. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. დიდი ხანია, ამ იდეაზე ვფიქრობთ და ბაზარიც შესწავლილი გვაქვს. გვჯერა ამ პროექტის და იმედი გვაქვს, მომხმარებელიც კმაყოფილი დარჩება იმ შედეგით, რომელსაც შევთავაზებთ“, - აღნიშნავს „ანიგოზის“ დამფუძნებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge