მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ანომალიურ მდგომარეობას წავაწყდით“ - შვილის აყვანის მსურველებს სოცდაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია აღარ მოუწევთ
„ანომალიურ მდგომარეობას წავაწყდით“ - შვილის აყვანის მსურველებს სოცდაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია აღარ მოუწევთ

„ანომალიურ მდგომარეობას წავაწყდით“ - შვილის აყვანის მსურველებს სოცდაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია აღარ მოუწევთ

BM.GE26 მაისი, 2026, 13:49|bm.ge

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც მშვილებლის ან/და მინდობით აღმზრდელი ვალდებული აღარ იქნება ბავშვის აყვანისთვის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ წარადგინა და განაცხადა: „სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პრინციპებზე ვმუშაობთ და ანომალიურ მდგომარეობას წავაწყდით - ოჯახი, რომელმაც უნდა აჩვენოს თავისი [პირიქით] მყარი მატერიალური მდგომარეობა, ვალდებულია ამ ბაზაში დარეგისტრირდეს და ის მოგვადგეს შვილად აყვანაზე - სრულად შეუთავსებელი გარემოებაა. ამის გამოსწორებას ვისახავთ მიზნად“.

კანონპროექტი მთავრობის მიერ არის ინიციირებული, მისი ავტორი კი ჯანდაცვის სამინისტროა. კანონში შესატანი ცვლილებები განმარტებითი ბარათის მიხედვით, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლებში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელთა მოქმედი რედაქციები მშვილებლის/მინდობით აღმზრდელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის სავალდებულო წინაპირობად ამ პირთა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად, შესაბამისი სარეიტინგო ქულის ამსახველი ამონაწერის წარდგენას განსაზღვრავს.

ცვლილებების მიხედვით კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შვილად აყვანის წესით განისაზღვრება შვილად აყვანის მსურველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების ნუსხა, რომლითაც დასტურდება სტაბილური ოჯახური გარემოსა და ბავშვის სათანადო აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა და ამ დოკუმენტაციის წარდგენის პირობები.

დღეს არსებული კანონმდებლობით, მშვილებელი ოჯახის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად (მშვილებლის ასაკი, მისი პიროვნული თვისებები, შვილად აყვანის მოტივაცია, ნასამართლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა) ერთ-ერთ პირობას მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს, რომლის შეფასება, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოებს.

„შეფასების მიზნით, შვილად აყვანის მსურველმა პირმა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს უნდა წარუდგინოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი სარეიტინგო ქულა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება (აღემატება 120 000 ქულას). ამასთან, მშვილებლად რეგისტრაციის შემდეგ შვილად აყვანის მსურველმა პირმა/ოჯახმა ყოველ მომდევნო წელს უნდა გაიაროს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შეფასება ამ პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აღრიცხვიდან მოიხსნება.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას თავისი დანიშნულება და მიზნები გააჩნია“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ დღეს არსებული ვალდებულება შეუსაბამობაშია როგორც საკუთრივ აღნიშნული ბაზის ფორმირების მიზნებთან, ისე - შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის რეალურ საჭიროებებთან.

„კანონპროექტის მიღებით მშვილებლის/მინდობით აღმზრდელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მისი მატერიალური კეთილდღეობის შეფასებისთვის გამოყენებული იქნება შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის პროცესზე უფრო მეტად მორგებული მოდელი, ამასთან, ხელი შეეწყობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის შესაბამისობაში მოყვანას მის რეალურ მიზნებთან“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან უნდა შევიდეს და ამ დრომდე საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების წინამდებარე ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ამჟამად მშვილებელთა რეესტრში 1571 მშვილებელი პირი/ოჯახია რეგისტრირებული. „ჩვენ რამდენიმე გარდამავალი რეგულაცია გვაქვს, იმისთვის რომ ამ ოჯახების მდგომარეობა არ გაუმჯობესდეს და პირიქით გაუმჯობესდეს, მათ ამ ბაზაში რეგისტრაცია შეუნარჩუნდებათ, აღარ მოუწევთ ყოველწლიურად ამ დოკუმენტის წარმოება, მაგრამ ბოლოს როდესაც შეიკვრება საქმე და თავსებადობა დადგინდება და სასამართლოს სანამ მისი ქეისი გადაეგზავნება მანამდე ოჯახმა მათი მატერიალური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ, რაც მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ.

ამასთან, ბარათში განმარტებულია, რომ კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და „ოჯახის დეკლარაციის“ შევსებისას სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსამსახურის - სოციალური აგენტის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება როგორც ფიქსირებული კომპონენტით, ისე - შევსებული დოკუმენტების (დეკლარაცია, რეგისტრაციის შეწყვეტის ოქმი, სხვა) რაოდენობის მიხედვით (ერთი შევსებული დოკუმენტი - 10 ლარი). იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური აგენტი მონაწილეობას აღარ მიიღებს მშვილებლის/მინდობით აღმზრდელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში, მისი შრომის ანაზღაურება შესაძლოა, შემცირდეს ხელფასის ცვლადი კომპონენტის მოცულობის შემცირების ხარჯზე, რაც პროპორციულად აისახება მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილ საშემოსავლო გადასახადზე. გარდა ამისა, პროექტი შესაძლოა, უკავშირდებოდეს ფინანსურ შედეგებს შვილად აყვანით/მინდობით აღზრდით დაინტერესებული პირებისთვის, მათ მიერ დოკუმენტების მოძიების პროცესში შესაბამისი ორგანიზაციებისთვის გადახდილი თანხების ეკვივალენტური ოდენობით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვზეიმობთ ქართველი ხალხის თავისუფლებას, მედეგობას და ურყევ სულისკვეთებას - NATO

ვზეიმობთ ქართველი ხალხის თავისუფლებას, მედეგობას და ურყევ სულისკვეთებას - NATO

BM.GE

ავაშენებთ გზატკეცილს, რომელიც იქნება უმოკლესი გზა ცენტრალური აზიასა და ევროპას შორის - ფაშინიანი

ავაშენებთ გზატკეცილს, რომელიც იქნება უმოკლესი გზა ცენტრალური აზიასა და ევროპას შორის - ფაშინიანი

BM.GE

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს!

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს!

BM.GE

მხარს ვუჭერთ ყველას, ვინც მიისწრაფვის, გააგრძელოს ევროპული გზა - EU-ის დიპლომატების მილოცვები

მხარს ვუჭერთ ყველას, ვინც მიისწრაფვის, გააგრძელოს ევროპული გზა - EU-ის დიპლომატების მილოცვები

BM.GE