
Apple Intel-თან ჩიპების წარმოებაზე შეთანხმებას უახლოვდება
Apple და Intel, გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმებას უახლოვდებიან, რომლის მიხედვითაც Intel Apple-ის მოწყობილობებისთვის ჩიპების ნაწილს აწარმოებს. ეს ნაბიჯი შესაძლოა ნახევარგამტარების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად იქცეს.
როგორც The Wall Street Journal წერს, ორ კომპანიას შორის მოლაპარაკებები უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, ხოლო ბოლო თვეებში წინასწარი შეთანხმებაც იქნა მიღწეული. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Intel-ის აქციები თითქმის 14%-ით გაიზარდა, ხოლო Apple-ის აქციებმა 2%-იანი მატება აჩვენა.
თუ შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდება, ეს Intel-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადება იქნება ბოლო წლების განმავლობაში. კომპანიის საწარმოო ბიზნესი, რომელიც ადრე სირთულეებს აწყდებოდა, ახლა მნიშვნელოვან აღდგენას განიცდის. Intel-ის აქციები მიმდინარე წელს უკვე 200%-ზე მეტად არის გაზრდილი.
Apple-ისთვის კი ეს ეპოქის დასასრული იქნება. ამჟამად კომპანია მთლიანად დამოკიდებულია TSMC-ზე, რომელიც Apple-ის ყველა ყველაზე მოწინავე ჩიპს აწარმოებს. თუმცა ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე ჩიპებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა და TSMC-ის საწარმოო შესაძლებლობები მაქსიმალურად დატვირთულია. სწორედ ამიტომ Apple ცდილობს დამატებითი საწარმოო პარტნიორების მოძიებას.
Creative Strategies-ის ჩიპების ანალიტიკოსის ბენ ბაჯარინის თქმით, Intel ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც შეუძლია წარმოების მასშტაბების სწრაფად გაზრდა და Apple-ისთვის რეალური ალტერნატიული წყარო გახდეს.
Intel ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს. კომპანიამ არიზონას შტატის ქალაქ ჩენდლერში ახალი ქარხანა აამოქმედა, სადაც წარმოება მიმდინარეობს 18A ტექნოლოგიაზე Intel-ის ყველაზე მოწინავე საწარმოო პროცესზე, რომელიც კონკურენციას უწევს TSMC-ის 2 ნანომეტრიან ტექნოლოგიას. აღსანიშნავია, რომ TSMC-ც აშენებს ახალ ქარხნებს არიზონაში, სადაც Apple უკვე გეგმავს საკუთარი ჩიპების ნაწილის წარმოებას.
ბაჯარინი ვარაუდობს, რომ Apple, სავარაუდოდ, Intel-ის მომავალ ტექნოლოგიას 18A-P პროცესს დაელოდება, რომელიც შესაძლოა უკვე მომავალ წელს გახდეს ხელმისაწვდომი. მისი შეფასებით, არსებული 18A პროცესი ჯერ კიდევ „უხეშია“, ხოლო 18A-P ტექნოლოგია ბევრ პრობლემას გააუმჯობესებს.