
Apple-მა განახლებული ოპერაციული სისტემა OS 27 წარადგინა - რა სიახლეები აქვს ტექ-გიგანტს
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა დეველოპერთა ყოველწლიური კონფერენცია გამართა და საკუთარი ოპერაციული სისტემის პროგრამული განახლება OS27-ი წარადგინა. ამასთან, კორპორაციამ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი ასისტენტის პრეზენტაციაც გამართა.
Siri AI - ასე ერქმევა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ახალ ხმოვან ასისტენს, რომელიც მომხმარებლის პირად მონაცემებს დეტალურად გააანალიზებს და მიღებულ დავალებებს აპლიკაციებში შესვლის გარეშე, დამოუკიდებლად შეასრულებს. განახლებული პერსონალური ასისტენტი მომხმარებელთან კონტაქტის დეტალებს დაიმახსოვრებს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეძლებს გააზრებული დიალოგის გამართვას. საყურადღებოა, რომ ამჯერად Apple-მა Siri-სთვის სპეციალური აპლიკაციაც შექმნა, სადაც მომხმარებელს ძველი საუბრების გადამოწმება და პლატფორმაში ინტეგრირებული წერის ახალი ხელსაწყოების გამოყენება შეეძლება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტექ-გიგანტის ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი დაეფუძნება Google-ის Gemini-ს ტექნოლოგიას. როგორც ცნობილია, ის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და მძლავრ AI მოდელად მიიჩნევა.
იმის გათვალისწინებით, რომ Apple-ს საკუთარი AI ასისტენტი არ ეყოლება, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების პრინციპების დაცვაზე და Google-ს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს საერთოდ არ მიაწვდის. აღსანიშნავია, რომ ახალი მოდელის მრავალფეროვან ფუნქციებს ბრაუზერ Safari-ში, ასევე სამესიჯო აპლიკაციასა და Mail-შიც ვიხილავთ. ის მომხმარებელს გვერდების მონიტორინგისა და კალენდარში ღონისძიებების ავტომატურად შექმნის საშუალებას მისცემს.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით Apple-ი მომხმარებელს კიდევ ერთ აპლიკაციას, Image Playground-ს შესთავაზებს. ის ტექსტური ბრძანებების საფუძველზე რეალისტურ ფოტოებს შექმნის. ამასთან, AI ჩაშენდება ფოტოების გალერეაშიც და შესაძლებელი იქნება უკვე გადაღებული სურათების რაკურსის ცვლილება, ასევე დამატებითი სივრცის გენერირება ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც სურათი ახლო რაკურსიდანაა გადაღებული და უკანა სივრცე არ ჩანს.
განახლებულ OS 27-ში, რომელიც როგორც iPhone-ებზე, ისე ყველა სხვა მოწყობილობაზე გაეშვება, კორპორაცია ე.წ. თხევადი მინის დიზაინის პერსონალიზაციის პარამეტრებსაც გააფართოებს. ახალი პროგრამის ჩაყენების შემდეგ შეგეძლებათ როგორც სრულიად გამჭვირვალე ვერსიის გამოყენება, ისე ამ ფუნქციის სრულად გათიშვა.
Apple-მა პრეზენტაციაზე ისაუბრა ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაზეც და წარადგინა ე.წ "გაძლიერებული ანგარიშები", რომლებიც ასაკობრივ შეზღუდვებს ავტომატურად ააქტიურებს. მშობლებს ზრდასრულთა ვებსაიტების დაბლოკვა და სასურველი პროგრამების სიის კონტროლი შეეძლებათ. სისტემას დაემატება ახალი ფუნქციაც, რომელიც ბავშვებს ახალი ვებგვერდების მონახულებამდე მშობლებისგან ნებართვის მოთხოვნას დაავალდებულებს. კომუნიკაციის უსაფრთხოების გაფართოებული პროგრამა ძალადობრივი შინაარსის ფოტოებსა და ვიდეოებს ავტომატურად დაფარავს. ამასთან, მშობლებს მოწყობილობების გამოყენების დროის განსაზღვრა და სპეციალური განრიგის შექმნაც შეუძლიათ.
ახალი პროგრამული განახლება დეველოპერებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, მისი საჯარო გამოშვება კი ივლისის დასაწყისში იგეგმება. რაც შეეხება OS27-ის მოწყობილობებში ოფიციალურად ჩაშვებას, ეს 2026 წლის შემოდგომაზე მოხდება.
დასასრულს უნდა ითქვას, რომ 2026 წლის WWDC იყო ტექ-გიგანტის ხელმძღვანელის, ტიმ კუკის უკანასკნელი ღონისძიება. როგორც ცნობილია, 1 სექტემბრიდან მას ჯონ ტერნუსი ჩაანაცვლებს და Apple-ის რიგით მე-3 აღმასრულებელი დირექტორი გახდება.
BM.GE
წყარო: bm.ge