
აპრილში ჰიდროგენერაცია ბოლო 5 წლის მინიმუმზე იყო - G&T
აპრილში ჰიდროგენერაცია ბოლო 5 წლის მინიმუმზე იყო, რის გამოც თბოსადგურსა და იმპორტზე დამოკიდებულება 20.7%-ს შეადგენდა,- ამის შესახებ Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
პუბლიკაციის მიხედვით, გასულ თვეში ჰიდროგენერაციამ წლიურად მნიშვნელოვნად იკლო, რაც ძირითადად თბოგენერაციით დაბალანსდა. კერძოდ, 2026 წლის აპრილში ჰიდროგენერაცია წლიურად 19.3%-ით შემცირდა, სუსტი ჰიდროლოგიის გამო, და ჯამური მიწოდების 78% შეადგინა. შედარებისთვის, 2021-24 წლებში აპრილში ჰიდრო საშუალოდ მიწოდების 93%-ს აკმაყოფილებდა.
"წელს დაგვიანებულმა დათბობამ თოვლის დნობა შეაფერხა, რის გამოც წყლის დონე მხოლოდ აპრილის ბოლოს გაიზარდა, მაშინ როცა წინა წლებში მაღალი ჰიდროგენერაცია აპრილის დასაწყისიდან ფიქსირდებოდა. შედეგად, აპრილისთვის უჩვეულოდ გაიზარდა თბოსადგურებისა (ჯამური მიწოდების 16.5%) და იმპორტის (ჯამური მიწოდების 4.3%) საჭიროება",- აღნიშნავენ საინვესტიციო ბანკში.
ამასთან, აპრილში ამოქმედდა 3 ელექტროსადგური: ტესტირების რეჟიმში გაეშვა 2 ჰიდროსადგური - ჭიორა ჰესი და ბახვი 2ბ ჰესი, ჯამურად 40 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრით; ხოლო ექსპლუატაციაში შევიდა 18.7 მგვტ-იანი “ზემო ქარის სადგური”.
რაც შეეხება მოხმარებას, ზრდა საცალო სეგმენტმა და აფხაზეთმა განაპირობა. ადგილობრივი მოხმარება 2026 წლის აპრილში 1.1 ტვტ.სთ იყო, რაც წლიურად 2.1%-იანი ზრდაა. ამ ზრდას საცალო მომხმარებლები (+5.1% წ/წ) და აფხაზეთი (+7.3% წ/წ) განაპირობებდა. პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება წლიურად 8.5%-ით შემცირდა, ძირითადად კრიპტომაინინგისა და მონაცემთა ცენტრების კომპანიების დაბალი აქტივობის გამო.
2026 წლის აპრილში კომერციული იმპორტი მხოლოდ თურქეთიდან განხორციელდა. ელექტროენერგიის იმპორტმა 51 გვტ.სთ შეადგინა (ჯამური მიწოდების 4.3%), თუმცა აქედან კომერციული იმპორტი მხოლოდ ნახევარი, თურქეთიდან შემოტანილი 24.8 გვტ.სთ იყო. დანარჩენი მოცულობიდან 9 გვტ.სთ რუსეთიდან შემოვიდა აფხაზეთის რეგიონისთვის, ხოლო აზერბაიჯანთან 17 გვტ.სთ იმპორტი სრულად დაბალანსდა იმავე მოცულობისა და აზერბაიჯანთან ღირებულების დღის ჭრილშიც ექსპორტით.
"იდენტური მოცულობების იმპორტი და ექსპორტი მიუთითებს, რომ ეს ტრანზაქციები კომერციული ვაჭრობა არ ყოფილა და სინქრონული მუშაობის ტექნიკურ საჭიროებებს უკავშირდებოდა. თურქეთიდან იმპორტი 16-22 აპრილს, თბოსადგურების გაჩერების პერიოდში განხორციელდა. მისი ღირებულება 0.7 მლნ აშშ დოლარს, ხოლო საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 2.9 აშშ ცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს, თებერვლის გარდა, თურქეთიდან იმპორტი ყველა თვეში განხორციელდა, რაც თურქეთის ბაზარზე ისტორიულად დაბალ ფასებს უკავშირდება. ფასების შემცირება, თავის მხრივ, ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო გაზრდილ განახლებად გენერაციას უკავშირდებოდა",- აღნიშნულია პუბლიკაციაში.
საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასი აპრილში წლიურად 5%-ით შემცირდა და კვტ.სთ-ზე 5.8 აშშ ცენტი შეადგინა. ამასთან, საბალანსო მოცულობა 21.7%-ით გაიზარდა და 0.4 ტვტ.სთ იყო, რაც ჯამური მიწოდების 32.6%-ს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge