
აპრილში ინფლაცია ბოლო ორი წლის მაქსიმუმზეა - წლიური ინფლაცია 5.9%-ია
საწვავის ფასის გაძვირების გამო, აპრილში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 5.9%-ს მიაღწია, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.7% შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მეტად - 10.3%-ით ფასები ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა, რაც საწვავის ფასის ზრდას უკავშირდება. სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი. ფასები ასევე 6.5%-ით გაიზარდა კომუნალური გადასახადების მიმართულებით, რაც 1 აპრილიდან საქართველოში ელექტროენერგიის ფასების მატებას უკავშირდება. ეს 2024-2025-2026 წლების განმავლობაში ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებელია.
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (9.2%);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5%, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (21.3%), ხილი და ყურძენი (11.8%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (9.3%), პური და პურპროდუქტები (7.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.3%), ზეთი და ცხიმი (6.3%ი), რძე, ყველი და კვერცხი (4.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.8%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 6.5%-ით, რაც 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.2%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.3%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (3.5%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9%-ით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (49.6%), დაზღვევა (8.5%), პირადი ჰიგიენა (4.6%).
