მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "არაფერს აქვს ფასი, თუ საქართველომ არ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ევროპული გეზი"|ინტერვიუ
"არაფერს აქვს ფასი, თუ საქართველომ არ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ევროპული გეზი"|ინტერვიუ

"არაფერს აქვს ფასი, თუ საქართველომ არ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ევროპული გეზი"|ინტერვიუ

BM.GE26 მაისი, 2026, 22:00|bm.ge

თამაზ დაუშვილის აზრით, ერთადერთი გამოსავალი, რათა საქართველოში იყოს მშვიდობა და განვითარება, ევროკავშირთან დაახლოება და, საბოლოო ჯამში, მისი წევრობაა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. თამაზ დაუშვილი კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორია, თუმცა, ვინაიდან მიმდინარე წლიდან საქართველოში მეწარმე სუბიექტებს საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ, მან ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განვითარების საკუთარ ხედვაზე რიგითი მოქალაქის სტატუსით ისაუბრა. „არაფერს არ აქვს ფასი, თუ საქართველომ არ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ევროპული გეზი“, — აღნიშნა მან. თამაზ დაუშვილის თქმით, დღეს საქართველო დემოკრატიის დიდ გამოცდას გადის და იმედოვნებს, რომ ქვეყანა ამ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს.

ინტერვიუ თამაზ დაუშვილთან

- საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცავ ამ დიად დღეს - დამოუკიდებლობის დღეს. ვფიქრობ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში არ არსებობს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გრძელდება. ისტორიულად, საქართველომ ასე ხანგრძლივად დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო - პირველმა რესპუბლიკამ, მოგეხსენებათ, მხოლოდ სამ წელს გასტანა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს დამოუკიდებლობა იქნება სამუდამო და მას არასდროს დავკარგავთ. მინდა, თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ვუთხრა, რომ გაუფრთხილდნენ ამ მონაპოვარს, რომელიც წინა თაობებმა მოგვიტანეს. ამ პროცესში ჩემმა თაობამაც მიიღო მონაწილეობა, ამიტომ ჩემს თანატოლებსაც განსაკუთრებულად ვულოცავ. ეს დღე ყველასია.

- მიუხედავად ჩვენი პროფესიული სტატუსებისა - მე ჟურნალისტი ვარ, თქვენ ბიზნესმენი - ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და თანაბრად გვეხება ყველაფერი, რაც აქ ხდება... გასული წლის ბოლოს, ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარით - ბიზნესმენებიც ძალიან ნერვიულობენ, რომ საქართველო საბოლოოდ არ ასცდეს ევროპულ გზასო. თქვენი აზრით, რა გზას გადის ქვეყანა დღეს? ხომ არ ავცდით ევროპულ გზას?

- სანამ საუბარს გავაგრძელებდეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო და დავაფიქსირო: ყველაფერი, რაზედაც აქ ვისაუბრებ, იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი აზრი. მიუხედავად ჩემი სტატუსისა და რეგალიისა, რითაც ძალიან ვამაყობ და მიმაჩნია, რომ ეს რეგალია ყოველთვის თან მექნება, როგორც „დიოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს, დღეს მე გამოვთქვამ ჩემს პოზიციას, როგორც რიგითი მოქალაქე, და ეს არ არის დაკავშირებული კომპანია „დიოს“ კორპორაციულ პოლიტიკასთან...

რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს და იმას, თუ რას გადის დღეს ქვეყანა - სამწუხაროდ, ჩვენ საკმაოდ რთულ და საინტერესო ეტაპს გავდივართ. ვფიქრობ, ეს არის დემოკრატიის გამოცდა, თუმცა მართალი რომ გითხრათ, მას შემდეგ, რაც ვნახეთ, თუ როგორ გადის გამოცდას ამერიკის 200-წლიანი დემოკრატია, ცოტათი გულზე მომეშვა - როდესაც ხედავ, თუ რა ტიპის პრობლემები შეიძლება ჰქონდეს თუნდაც ასეთ ძლიერ სისტემას, ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიის გამოწვევები აღარ მიკვირს. ამ ბოლო პერიოდში არაერთხელ მომიწია ამერიკაში ყოფნა და იქაური მოსახლეობაც საკმაოდ დაპირისპირებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჯერჯერობით, საქართველოში დემოკრატიულ წყობილებაზე უარი არავის უთქვამს და იმედი მაქვს, არც არასდროს იტყვის. შეიძლება, არსებობდეს გარკვეული პრობლემები, მაგრამ არჩევნები არ გაუქმებულა. შესაბამისად, ვიქონიოთ იმედი, რომ ამ რთულ სიტუაციაში, რომელშიც მთელი რეგიონია აღმოჩენილი, ჩვენ - როგორც ერთიანი საზოგადოება (და აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ ერთ ან მეორე პოლიტიკურ მხარეს) - მოვახერხებთ ფონს გასვლას. ჩვენ მომავალ თაობას სახელმწიფო ინსტიტუტები ისე უნდა გადავცეთ, რომ სისტემა არ იყოს მოშლილი.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის გეზი, რომელიც ავირჩიეთ. იოლი გზა საქართველოს არც 1990-იანებში ჰქონია და არც შემდგომ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ისტორიაში არასდროს ჰქონია პერიოდი, როცა ყველაფერი მარტივად მიდიოდა. ოქროს ხანაშიც კი, დარწმუნებული ვარ, ყოველ წელს თავისი პრობლემები ახლდა. აქედან გამომდინარე, გეოპოლიტიკური გამოწვევები ბუნებრივია, თუმცა ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარება იყოს, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან დაახლოება და, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის წევრობაა... არაფერს აქვს ფასი, თუ საქართველომ არ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ევროპული გეზი. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ამას ჩვენი კონსტიტუციაც მოითხოვს - სწრაფად, ჩქარა ევროკავშირისკენ!

- თუმცა დღეს რეალურად მივდივართ ევროკავშირისკენ? მთავარი კითხვა სწორედ ეს არის - ხომ არ ავცდით ევროპულ გზას?

- მაინც მივდივართ, მაინც მივდივართ, დამიჯერეთ. თითოეულმა ადამიანმა, რომელ მხარესაც უნდა იდგეს ის პოლიტიკურად, ზუსტად იცის, რომ ევროპა არის ჩვენი სახლი და ჩვენი მომავალი. შეიძლება, დღეს გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა სხვა რამეს ითხოვდეს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტისთვის ეს არჩევანი ურყევია. დღეს აღარ არის მე-19 საუკუნე ან მე-20 საუკუნის დასაწყისი, როდესაც მორიგი ოკუპაცია ისე შედგა, რომ საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰქონდა იმ ოკუპანტების შესახებ, რომელსაც თავად ქართველები დაეხმარნენ. ამ ეპოქაში შეუძლებელია ინფორმაციის დამალვა ან ისტორიის მოტყუება.

- თუმცა თუ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა და ადამიანების უფლებების შელახვა გაგრძელდა, ევროინტეგრაციის პროცესში წინ ვერ წავიწევით... მეორე მხრივ, რამდენიმე დღეა დანიაში აქციის დარბევის საბაბით, მმართველ პარტიას ახალი ანტიევროპული კამპანია აქვს წამოწყებული და ირაკლი კობახიძემ ისიც კი თქვა, რომ უნდა დავფიქრდეთ, ასეთ ევროკავშირში გვინდა თუ არაო...

- პოლიტიკოსები ხანდახან სხვა რამეს ფიქრობენ და სხვას ამბობენ, მაგრამ მე მინდა ერთი რამის მჯეროდეს: საქართველოს ისტორიაში, რაც თავი მახსოვს, ყველა ხელისუფალს თავისი ნაკლის პარალელურად გარკვეული პოზიტიური კვალიც დაუტოვებია. საბოლოო ჯამში, ყველამ დატოვა რაღაც კარგი. ამას ყოველთვის ისტორია აფასებს. მინდა მჯეროდეს, რომ მომავალში ამ ხელისუფლებაზეც ვიტყვით, რომ მანაც დატოვა გარკვეული პოზიტივი და მომავალ თაობას გადასცა ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ მიდიოდა...

- რა უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- მოდით, პესიმიზმს დავუსვათ წერტილი; პესიმიზმი დღეს არავის გვჭირდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვადებში ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის მთავრობა შესაბამისი ნებართვების გაცემის წესს დროებით ამარტივებს

ვადებში ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის მთავრობა შესაბამისი ნებართვების გაცემის წესს დროებით ამარტივებს

BM.GE

„რაც არ უნდა რეფორმები ვატაროთ, გასაშვილებელი ბავშვების რიცხვს ხელოვნურად ვერ გავზრდით“ - ირინე წაქაძე

„რაც არ უნდა რეფორმები ვატაროთ, გასაშვილებელი ბავშვების რიცხვს ხელოვნურად ვერ გავზრდით“ - ირინე წაქაძე

BM.GE

პარლამენტთან პროტესტი გრძელდება - რა თქვეს ოპოზიციის ლიდერებმა აქციაზე?

პარლამენტთან პროტესტი გრძელდება - რა თქვეს ოპოზიციის ლიდერებმა აქციაზე?

BM.GE

იაპონია უმსხვილეს კრედიტორებს შორის მესამე ადგილზე ჩამოვიდა

იაპონია უმსხვილეს კრედიტორებს შორის მესამე ადგილზე ჩამოვიდა

BM.GE