არჩევნები კალიფორნიაში - ვინ იბრძვის $4 ტრილიონიანი შტატის გუბერნატორობისთვის?
BM.GE|bm.ge
კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებში მაღალი კონკურენციაა: არჩევნების დღეს, 2 ივნისს გამარჯვებულის გამოვლენა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან წინასწარი შედეგებით კანდიდატებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბიულეტენი ჯერ კიდევ დასათვლელია, ამ დროისთვის სამი კანდიდატი დაწინაურდა: რესპუბლიკელი სტივ ჰილტონი და დემოკრატები - ხავიერ ბესერა და ტომ სტაიერი. შედეგები იმდენად ნათელი იყო, რომ ორმა დემოკრატმა კანდიდატმა - სან-ხოსეს მერმა მეტ მაჰანმა და ლოს-ანჯელესის ყოფილმა მერმა ანტონიო ვილიარაიგოსამ - მარცხი საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე აღიარეს.
თუმცა, მომდევნო დღეებსა და კვირებში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. კალიფორნიაში, სადაც ფოსტით ხმის მიცემა პოპულარულია და თითოეული ბიულეტენის გადამოწმებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, რბოლაში ორი საუკეთესო კანდიდატის გამოვლენას შეიძლება დღეები დასჭირდეს. ბევრმა დემოკრატმა სტრატეგიულად ბოლო წუთამდე შეინახა ბიულეტენი, რაც შტატის მასშტაბით ხმების დათვლას კიდევ უფრო აფერხებს.
კალიფორნია მსოფლიოში ყველაზე დიდი სუბნაციონალური ეკონომიკით გამოირჩევა. მისი შტატის მთლიანი პროდუქტი 4.3 ტრილიონი დოლარია, რაც აშშ-ის მთლიანი მშპ-ს დაახლოებით 14%-ს შეადგენს. დამოუკიდებელ ქვეყნად რომ განვიხილოთ, კალიფორნია მსოფლიოში სიდიდით მე-4-მე-5 ეკონომიკა იქნებოდა და მხოლოდ ისეთ ეკონომიკურ გიგანტებს ჩამოუვარდებოდა, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი და გერმანია.
რა ვიცით კანდიდატების შესახებ?
სტივ ჰილტონი, კონსერვატორი პოლიტიკური სტრატეგი და Fox News-ის ყოფილი წამყვანი, ზოგიერთ დემოკრატს ანერვიულებს. რადგან ჰილტონი დემოკრატების დიდი რაოდენობის მიუხედავად გამოკითხვების უმეტესობაში ლიდერობს, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები იმ რეალობის წინაშე დგანან, რომ ლურჯ (დემოკრატიულ) შტატს შესაძლოა რესპუბლიკელი გუბერნატორი ჩაუდგეს სათავეში.
ჰილტონი, რომელიც წარმოშობით ლონდონიდანაა, ბრიტანელ-ამერიკელი კონსერვატორია. ის რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დეივიდ კამერონის სტრატეგიის დირექტორად მუშაობდა. მეუღლის გაცნობის შემდეგ ჰილტონი კალიფორნიაში გადავიდა და აშშ-ის მოქალაქე გახდა. მოგვიანებით ის 2023 წლამდე Fox News-ზე ყოველკვირეულ შოუს, The Next Revolution-ს უძღვებოდა. გუბერნატორის არჩევნებში ჩართვამდე ჰილტონმა ქრაუდფანდინგის პლატფორმა Crowdpac-ი დააარსა.
ჰილტონი აგრესიულად აკრიტიკებს კალიფორნიის დემოკრატებისა და გუბერნატორ გევინ ნიუსომის პოლიტიკას და მათ შტატში ცხოვრების ხელმისაწვდომობის კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს.
რესპუბლიკელი კანდიდატი მიჰყვება წინადადებებს: მკაცრი პოლიტიკა დანაშაულის მიმართ, გადასახადების შემცირება ან გაუქმება კალიფორნიელთა გარკვეული ჯგუფებისთვის. ჰილტონს, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუჭირა მხარი, სურს ფედერალური საგადასახადო პოლიტიკა გადაიღოს და შტატის გადასახადიდან გაათავისუფლოს ე.წ. "თიფები" (tips - მიმტანების/მომსახურე პერსონალისათვის დატოვებული თანხა). ის ასევე მცირე ბიზნესისთვის გადასახადების გაუქმებას ითხოვს.
ჰილტონი აკრიტიკებს კალიფორნიის ძალისხმევას ციხეების დახურვისა და პატიმრების რეაბილიტაციის კუთხით. ის ამტკიცებს, რომ კალიფორნიას, მათ შორის ლოს-ანჯელესს, დანაშაულის პრობლემები დემოკრატების ულტრამემარცხენე იდეოლოგიის - "დეკარცერაციის" (პატიმრობის შემცირების პოლიტიკა) გამო აქვს.
ხავიერ ბესერა საჯარო სამსახურში ათწლეულებია მოღვაწეობს.
1980-იან და 1990-იანი წლების დასაწყისში კალიფორნიის შტატის ასამბლეაში მუშაობის შემდეგ, მისი პოლიტიკური აღმასვლა გაგრძელდა. 1992 წლიდან ის ლოს-ანჯელესის რეგიონის კონგრესის ოლქების წარმომადგენლად აირჩიეს.
მან კონგრესი დატოვა, რათა კალიფორნიის გენერალური პროკურორი გამხდარიყო. ერთი ვადით მსახურების შემდეგ, ის გამოეხმაურა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეთავაზებას და აშშ-ის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივნის პოსტი დაიკავა.
ბესერა ასევე "ამერიკული ოცნების" მაგალითია: მექსიკიდან ჩამოსული მუშათა კლასის იმიგრანტების ოჯახში დაბადებული, ის თავის ოჯახში პირველი იყო, ვინც კოლეჯი დაამთავრა - თანაც არა უბრალო კოლეჯი, არამედ სტენფორდი, სადაც ბაკალავრისა და სამართლის ხარისხი მიიღო. ბესერა მიჩვეულია ისტორიის შექმნას: ის იყო პირველი ლათინოამერიკელი, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის მდივანი და შტატის გენერალური პროკურორი გახდა.
მისი პოლიტიკური კარიერა სამხრეთ კალიფორნიაში დაიწყო და გაიზარდა მაშინ, როდესაც შტატსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ლათინოამერიკელების წარმომადგენლობა იზრდებოდა.
კონგრესსა და ბაიდენის ადმინისტრაციაში მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯანდაცვა ბესერას კამპანიის პლატფორმის სათავეშია. ჯანდაცვის მდივნად დანიშვნამდე წლებით ადრე, მაშინდელი კონგრესმენი ბესერა ობამას ადმინისტრაციის დროს "ხელმისაწვდომი ზრუნვის აქტის" (Affordable Care act - იგივე Obamacare) დაწერასა და მიღებაში დაეხმარა.
ბესერა ითხოვს საყოველთაო "ერთი გადამხდელის" (single-payer) სისტემას, რათა შტატის სააგენტომ კალიფორნიელებს სამედიცინო მომსახურება დაბალ ფასად მიაწოდოს.
ყოფილმა შტატის პროკურორმა ასევე ხაზი გაუსვა თავის გამოცდილებას - მან ტრამპის პირველ ადმინისტრაციას სხვადასხვა საკითხზე (მათ შორის იმიგრაციასა და ჯანდაცვაზე) 122-ჯერ უჩივლა. მან პირობა დადო, რომ კვლავ დაუპირისპირდება ფედერალურ მთავრობას.
ტომ სტაიერი, მილიარდერი, რომელიც 2020 წელს პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, ახლა საკრამენტოს უმიზნებს.
გუბერნატორობის კამპანიაში სტაიერი საკუთარი ფულის დიდ ნაწილს მასობრივ სარეკლამო კამპანიაზე ხარჯავს, რათა კალიფორნიაში ყველა ადამიანმა გაიგოს, რომ ის ამ პოსტისთვის იბრძვის. კალიფორნიის სახელმწიფო მდივნის ოფისის უახლესი ჩანაწერების მიხედვით, სტაიერმა კამპანიაზე 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, რითაც სხვა კანდიდატებს მნიშვნელოვნად გაუსწრო.
სტაიერი, რომელმაც ჰეჯ-ფონდში ქონების დაგროვების შემდეგ კლიმატის ცვლილებაზე ფოკუსირებული საინვესტიციო ფირმა დააარსა, თავის სიმდიდრეს გარემოსდაცვითი საკითხების მხარდასაჭერად და დასაფინანსებლად იყენებს. ის არის მილიარდერი, ბიზნესმენი და პოლიტიკური აქტივისტი.
იელის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, წარმოშობით ნიუ-იორკელმა სტაიერმა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტში მიიღო. მისი Linkedin-ის პროფილის მიხედვით, 1986 წელს მან სან-ფრანცისკოში დაფუძნებული ჰეჯ-ფონდი, Farallon Capital Management-ი დააარსა.
ის თავის ფულს საარჩევნო ინიციატივების მხარდასაჭერად იყენებს, აფინანსებდა დემოკრატ კანდიდატებს, როგორიცაა პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ლობირებს გარემოსდაცვით მიზნებს, მათ შორის სათბურის გაზების შემცირებას.
სტაიერი საკუთარ თავს წარმოაჩენს როგორც გარეშე პირს, რომელსაც შტატში ცხოვრების ხელმისაწვდომობის კრიზისის მოგვარება შეუძლია. მისი ერთ-ერთი წინადადება მსხვილი კორპორაციების დაბეგვრა და მათი ქონების გადასახადის გაზრდაა, რათა შტატს საკმარისი ფული ჰქონდეს კალიფორნიელებისთვის ელექტროენერგიის საფასურის შესამცირებლად.
სტაიერი მხარს უჭერს 2026 წლის "მილიარდერთა გადასახადის აქტს", რომელსაც ამჟამინდელი გუბერნატორი ნიუსომი ეწინააღმდეგება. ის ასევე ერთ-ერთია იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც მხარს "ერთი გადამხდელის" ჯანდაცვის სისტემას უჭერენ, სადაც სამედიცინო მომსახურებას, გადასახადების მეშვეობით, სახელმწიფო სააგენტო ფარავს. როგორც გარემოსდაცვითი აქტივისტი, სტაიერი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ შტატმა მეტი ინვესტიცია ჩადოს განახლებად ენერგიაში.
კალიფორნიის ამჟამინდელი გუბერნატორი გევინ ნიუსომია. ის დემოკრატია და შტატის მე-40 გუბერნატორის პოსტს 2019 წლის იანვრიდან იკავებს.