
"ასადელის მარანი" წარმოების ზრდას და ადგილობრივ ბაზარზე ღვინის გაყიდვების აღდგენას გეგმავს
კახეთში, ყვარელში მდებარე „ასადელის მარანი“, რომლის გაყიდვების 99% დღეს ექსპორტზე მოდის, 5-წლიანი პაუზის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს. მარნის დამფუძნებელმა, დავით მიხელიძემ BM.GE-სთან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს როგორც ნიშურ მარკეტებთან, ისე HoReCa სექტორის წარმომადგენლებთან და პროდუქცია ქართულ ბაზარზე წლის ბოლომდე გამოჩნდება.
მისი თქმით, ბოლო წლებში კომპანია სრულად საექსპორტო მიმართულებაზე გადაერთო, რადგან უცხოურ ბაზრებზე საქმიანობა გაცილებით მოგებიანი აღმოჩნდა.
"გაყიდვების 99% ექსპორტზე მოდის. ადრე, დაახლოებით ხუთი წლის წინ, ადგილობრივ ბაზარზეც ვიყავით წარმოდგენილი, თუმცა შემდეგ მთლიანად ექსპორტზე გადავერთეთ. ახლა უკვე ვაპირებთ თავიდან ადგილობრივ ბაზარზე გამოჩენას. გვაქვს მოლაპარაკებები ნიშურ მარკეტებთან და წლის ბოლომდე ადგილობრივ ბაზარზეც შემოვალთ. გარდა ამისა, მოლაპარაკებები გვაქვს HoReCa სექტორთანაც", - განაცხადა მიხელიძემ.
„ასადელის მარანი“ უკვე 10 წელია ოპერირებს. ღვინო მთლიანად მარნის საკუთრებაში არსებული, 2.5 ჰექტარზე გაშენებული ვენახებიდან იწარმოება. ამ ეტაპზე, პორტფელში წარმოდგენილია საფერავი, ქინძმარაული და რქაწითელი, ხოლო წელს კომპანიას კახური მწვანეც დაემატება.
მარნის დამფუძნებლის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმოება 15 000 ბოთლამდე გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წელს კომპანია კიდევ 20%-იან ზრდას ელოდება.
"წარმადობა ბოლო ორი წელია გავზარდეთ და 15 000 ბოთლზე ავედით. ვფიქრობთ, რომ წელს წარმადობა კიდევ უფრო გაიზრდება. დაახლოებით 20%-იან ზრდას ვგეგმავთ, ვინაიდან მოთხოვნა არის ევროპიდან. მოსაზრება, რომ ევროპაში ღვინის მოხმარება შემცირებულია, მე პრაქტიკაში ვერ დავინახე. საბედნიეროდ, ასეთი კლება არ მაქვს", - აღნიშნა მიხელიძემ.
დღეს „ასადელის მარნის“ ძირითადი საექსპორტო ბაზარი გერმანიაა, საიდანაც პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილდება. როგორც მიხელიძე ამბობს, ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია.
"ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ ევროპაში. საკმაოდ ბევრი სამუშაოა ამ მიმართულებით და თუ სისტემატურად ვიმუშავებთ, ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ მცირე მეღვინეებს, არამედ მთლიანად დარგს დაეხმარება", – განაცხადა მან.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, კომპანიის ინტერესის სფეროში აზიური ბაზარიც შედის. მათ შორის იაპონია, ჩინეთი და კორეა. მიხელიძის თქმით, ჩინურ ბაზარზე შესვლის მცდელობა იყო, თუმცა მხარეებს შორის მოთხოვნებისა და საჭირო წარმოების მოცულობების განსხვავების გამო თანამშრომლობა ვერ შედგა. "ჩინეთთან გარკვეული მცდელობები გვქონდა, თუმცა იქ სხვა მოთხოვნებია და სხვა წარმოებადობაზეა საუბარი, ამიტომ მოლაპარაკებები ვერ შედგა. იაპონია კი საინტერესო და კარგი ბაზარია", - აღნიშნა „ასადელის მარნის“ დამფუძნებელმა.
შეგახსენებთ, რომ „ასადელის მარანი“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანში მდებარეობს. ოჯახური მარანი რამდენიმე თაობას უკავშირდება და 80 წელზე მეტი ისტორია აქვს, თუმცა დამოუკიდებელ ბრენდად ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა. მეღვინეობა ღვინოს სრულად საკუთარი ვენახებიდან წარმოებული ყურძნისგან აყენებს. „ასადელის მარანი“ 2.5 ჰექტარ ვენახს ფლობს და წლიურად დაახლოებით 15 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის ძირითადი ნაწილი ევროპის ბაზრებზე იყიდება.
BM.GE
წყარო: bm.ge