
ასე EU-ში ნამდვილად ვერ შეხვალთ - გერმანიის ელჩი კალაძის წერილზე
"ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა", - ასე გამოეხმაურა გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი თბილისის მერის კახა კალაძის „სამძიმრის წერილს“.
18 მაისს, გერმანულმა მედიამ კერძოდ კი Zaarbrucken Zeitung-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისთან დაძმობილებული გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქთან მეგობრობას წყვეტს.
"ეს ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებაა. ამ ქალაქს თავისი მერია ჰყავს, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზით არის არჩეული. მესმის, რომ ქალაქ ზაარბრიუკენის მერიას ჰყავს გერმანიის მთავრობა, რომელიც შეშფოთებულია დემოკრატიული უკუსვლით და იმ ფაქტით, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს. ეს "სამძიმრის წერილი", რომელიც ამბობს რამდენად ცუდად არის საქმე გერმანიაში, რომელიც იმართება "დიფსთეითის" და არაფორმალური ოლიგარქების მიერ. ის ფაქტი, რომ საქართველოში მსგავსი ნარატივები ამგვარი წრეებიდან მოდის კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მთავრობას საქართველო ევროკავშირიდან შორს მიჰყავს. დღეს ასევე პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა წერილი ევროკავშირის ლიდერებისადმი, რომელიც ზუსტად იმავე შინაარსისაა: ჩვენ, ქართველები ვართ ნამდვილი ევროპელები, ხოლო თქვენ ყველანი ცუდები ხართ და უკან მიდიხართ. ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა. ეს რჩევა შეგიძლიათ მიიღოთ ჩემგან როგორც ევროკავშირის სახელმწიფოს ელჩისგან... ვერ ვხედავ ნაბიჯებს წინ, პირიქით ვხედავ ევროკავშირისგან საპირისპირო მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ეს გერმანიის მთავრობაში წუხილს და იმედგაცრუებას იწვევს, რომ საქართველომ საკუთარი თავი უკრაინისა და მოლდოვისგან მოწყვიტა", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
კალაძემ ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან 51-წლიანი პარტნიორული ურთიერთობის შეწყვეტას ვრცელი წერილით გუშინ, 19 მაისს, გამოეხმაურა, რომელსაც გერმანელი ხალხისადმი „სამძიმრის წერილი“ უწოდა. თბილისის მერი გერმანიის ხელისუფლებას „დიფ სთეითის“ მორჩილებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყანა მძიმე კრიზისშია ჩაფლული.
ვრცლად ამ თემაზე: "გერმანია ჭაობშია ჩაფლული" - ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან ურთიერთობის გაწყვეტა გამო, კალაძე გერმანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს