
აშშ-ირანის ომის დეესკალაციის მოლოდინის ფონზე, ნავთობის ფასი აგვისტოს ნიშნულს გაუტოლდა
Brent-ის ფასი აგვისტოს შემდეგ პირველად ბარელზე $91-იან ნიშნულს ჩამოსცდა. ლონდონის ICE ბირჟაზე იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 2.65%-ით შემცირდა და $90.14 შეადგინა, ამერიკული WTI-ის ფასი კი 2.4%-ით, $84.78-მდე დაეცა.
როგორც ირკვევა, გლობალურ ბაზარზე ფასების მკვეთრი კლება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებამ განაპირობა. როგორც ცნობილია, თეთრ სახლში კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისთან გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანთან თითქმის ცხრათვიანი დაპირისპირება შესაძლოა მალე დასრულდეს.
მან აღნიშნა, რომ მხარეებს შორის კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული დინამიკა შეიმჩნევა, ირანის სამხედრო რესურსი კი ფაქტობრივად ამოწურულია. მოლაპარაკებებს კი ამერიკული მხარე "თავაზიანად აწარმოებს".
ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზარზე მიწოდების შეფერხების რისკები სტრატეგიულ ჰორმუზის სრუტეში ნედლი ნავთობის გადაზიდვების აღდგენამ და თეირანის პოზიციის შესაძლო შერბილებამ შეამცირა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ნავთობის ბაზარი მაღალი მერყეობით გამოირჩეოდა. თუ წლის დასაწყისში Brent-ის ფასი ბარელზე დაახლოებით $60-ს შეადგენდა, გაზაფხულზე, სამხედრო დარტყმების ესკალაციის პიკზე, მაჩვენებელმა $130-ს მიაღწია.
BM.GE
წყარო: bm.ge