
აშშ-ის ვიზის მისაღებად 18 წლამდე პირებისთვის დეპოზიტი $5 000-ით განისაზღვრა - საელჩოს განმარტება
"სავიზო დეპოზიტის პროგრამის" ფარგლებში, საქართველოს მოქალაქე 18 წლამდე ბავშვებისთვის, რომლებიც მშობელთან ან კანონიერ მეურვესთან ერთად მოგზაურობენ, აშშ-ის სავიზო დეპოზიტის მოცულობა 5,000 დოლარით განისაზღვრა - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან განუცხადეს.
საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 აპრილიდან, საქართველოს მოქალაქე ყველა აპლიკანტს, რომელსაც B1/B2 (ტურისტული/საქმიანი) ვიზა დაუმტკიცდა, ბონდის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. თუ ბავშვების შემთხვევაში ეს თანხა 5,000 დოლარია, ყველა სხვა დანარჩენი (სრულწლოვანი) აპლიკანტისთვის დეპოზიტის ოდენობა 10,000 დოლარს შეადგენს.
გარდა ფინანსური ვალდებულებისა, საელჩო უშუალოდ ვიზის მოქმედების შეზღუდულ წესსაც განმარტავს. კერძოდ, სავიზო ბონდის საპილოტე პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ყველა მოქალაქეს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, მხოლოდ [ერთჯერადი ვიზა] ეძლევათ. ამასთან, აღნიშნული ვიზის გამოყენება (აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა) დასაშვებია ვიზის გაცემიდან მხოლოდ სამი თვის განმავლობაში.
აშშ-ის საელჩო აპლიკანტებს მოუწოდებს, ინფორმაცია მხოლოდ გადამოწმებული არხებიდან მიიღონ. უწყების ხაზგასმით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა კი ვიზის განაცხადებთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთადერთ ოფიციალურ წყაროს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ სავიზო დეპოზიტების საპილოტე პროგრამა, რომელიც 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდა, აშშ-ში არალეგალურად დარჩენის მაღალი მაჩვენებლის საპასუხოდ და იმიგრაციის წესების დარღვევის პრევენციისთვის ამოქმედდა.
პროგრამის მექანიზმი შემდეგნაირია: ვიზის დამტკიცების შემდეგ მოქალაქე მოთხოვნილ სადეპოზიტო თანხას იხდის. თუ ის აშშ-ში სავიზო პირობების სრული დაცვით იმოგზაურებს და შეერთებული შტატების ტერიტორიას ნებადართული ვადის ამოწურვამდე დატოვებს, დეპოზიტზე განთავსებული თანხა ($5,000, $10,000 ან $15,000) მას სრულად უკან უბრუნდება.
თუმცა, ვიზიტორის მიერ სავიზო რეჟიმის დარღვევისა და აშშ-ში არალეგალურად დარჩენის შემთხვევაში, გადახდილი დეპოზიტის კონფისკაცია ხდება და ეს თანხა ამერიკის მთავრობას რჩება.
BM.GE
წყარო: bm.ge