
"აშშ-ის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე ექცევა" - The Washington Post საქართველოზე წერს
"აშშ-ის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე ექცევა" - ამ სათაურით სტატიას ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი აქვეყნებს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სანამ ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს სომხეთის დასავლურ კურსს, საქართველო დასავლეთისგან სულ უფრო მეტად დისტანცირდება და რუსეთთან ერთად, ირანის ორბიტაზეც ექცევა.
ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქმედმა მთავრობამ ქვეყანაში ირანული საგანმანათლებლო, რელიგიური და მედიაქსელების განვითარებას შეუწყო ხელი. ამ ტენდენციის საილუსტრაციოდ მოყვანილია უსაფრთხოების კონკრეტული შემთხვევებიც, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ირანის სპეცსამსახურების დავალებით სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ შეთქმულებებსა თუ ჯაშუშურ საქმიანობაში აღმოჩნდნენ მხილებულნი.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ თბილისი მოკავშირედ არ უნდა განიხილოს მანამ, სანამ ქვეყანაში პროირანული ქსელების დემონტაჟი არ მოხდება და დემოკრატიული თავისუფლებები არ აღდგება.
BM.GE TWP-ის სტატიას სრულად გთავაზობთ:
"სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამშაბათს ერევანს ეწვია, სადაც კრიტიკულ მინერალებთან დაკავშირებით შეთანხმებებს ხელი მოაწერა და მხარი სომხეთის დასავლურ კურსს დაუჭირა, ივნისში დაგეგმილი არჩევნების წინ. ეს იყო უმაღლესი დონის ვიზიტების სერიიდან კიდევ ერთი, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რა სერიოზულად ეკიდება თეთრი სახლი სამხრეთ კავკასიას.
თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღებას ერთი "ბრმა ზონა" აქვს. შეერთებული შტატების ოდესღაც მტკიცე მოკავშირე რეგიონში - საქართველო - სულ უფრო მეტად ხდება ანტიამერიკული. მისი მთავრობა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნება" უდგას სათავეში, წლების განმავლობაში ღიად ეარშიყება რუსეთს, დასავლური კავშირების ხარჯზე. შედარებით ნაკლებად არის ცნობილი, რომ ის კავშირებს ირანთანაც ავითარებს.
ჰადსონის ინსტიტუტის ბოლოდროინდელი ანგარიში ამ ცვლილებების მასშტაბებს დოკუმენტურად ადასტურებს. "ქართული ოცნების" მთავრობამ ირანს საშუალება მისცა, აეშენებინა რელიგიური სკოლების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, საქველმოქმედო დაწესებულებებისა და მედიასაშუალებების ქსელი, რომლებიც მიზანში საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ, შიიტურ უმცირესობას იღებენ.
ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წელს აშშ-ის ხაზინამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გადაბირების (რეკრუტირების) მილსადენად გამოაცხადა, საქართველოში სამ კამპუსს ფლობს. "აჰლ ალ-ბაიტის მსოფლიო ასამბლეამ", რომლის წინა ლიდერიც ხელმძღვანელობდა ჰამბურგის ისლამურ ცენტრს (რომელიც გერმანიამ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და დახურა), საქართველო კავკასიაში თავისი ოპერაციების სტრატეგიულ "ბაზად" დაასახელა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2024 წელს თეირანში ორჯერ გაემგზავრა და ჰამასის აწ გარდაცვლილ ლიდერ ისმაილ ჰანიესთან ერთად ფოტოც გადაიღო.
ამ ფლირტის შედეგები უკვე თვალსაჩინოა. საქართველოს მოქალაქე აგილ ასლანოვი 2025 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მას შემდეგ დააკავა, რაც ირანულმა ძალამ ის ბაქოში ებრაელი ლიდერის მოსაკლავად გადაიბირა. საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ფოლად ომაროვს, გასულ წელს აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა IRGC-ის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე ირანელ-ამერიკელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობას ისახავდა მიზნად. ხოლო მარტში, ბერძნულმა დაზვერვამ კუნძულ კრეტაზე, სუდა ბეის სამხედრო ბაზაზე (სადაც მანამდე აშშ-ის ავიამზიდი USS Gerald R. Ford იდგა), ჯაშუშობის ეჭვმიტანილობის საფუძველზე აზერბაიჯანული წარმოშობის 36 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა.
იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გამყარებაზე მუშაობს (რაც ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო დერეფნის გახსნას ემყარება), საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის დაკავებას ცდილობს. უდავოა, რომ მისი შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტები ევროპაში ტვირთების გადაზიდვაში საკვანძო როლს შეასრულებენ.
"ქართული ოცნება" ალბათ შეეცდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტრანზაქციული (გარიგებაზე დაფუძნებული) ურთიერთობა შესთავაზოს, მაგრამ ეს ის მთავრობაა, რომელიც ღიად ეარშიყება ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მტერს. მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავი აღნიშნა.
რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს სულ უფრო ავტორიტარულ მთავრობას მანამ, სანამ არ დაინახავს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც დაადასტურებს, რომ თბილისს შეუძლია ითამაშოს ბევრად უფრო კონსტრუქციული როლი, ვიდრე ეს ბოლო წლებში ხდებოდა? ეს ნიშნავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, სამოქალაქო თავისუფლებების აღდგენას და პროდასავლურ სამოქალაქო საზოგადოებაზე რეპრესიების დასრულებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყანაში სახიფათო პროირანული ქსელების დემონტაჟი.
ამის გარეშე ვაშინგტონს არანაირი საფუძველი არ აქვს, საქართველოს მომავალი მოკავშირის მსგავსად მოეპყროს. ამჟამად ის უფრო ჰგავს ქვეყანას, რომელიც ამერიკის მოწინააღმდეგეებთან არის შეკრული და ვაშინგტონის ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი ინტერესის მიღმა დგას".
BM.GE
წყარო: bm.ge