
„ავიაბილეთები 25%-მდე გაძვირდა“ – TKT.GE
საავიაციო საწვავის გაძვირების გამო მსოფლიო ავიაცია კრიზისშია. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, ავიასაწვავის გლობალური საშუალო ფასი ბარელზე163 დოლარის ფარგლებშია, რაც წლიურ ჭრილში 100%-ით გაძვირებული მაჩვენებელია.
ხარჯების დაზოგვის მიზნით ავიაკომპანიების უმრავლესობა რეისებს აუქმებს ან სიხშირეებს ამცირებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული საავიაციო ბაზარია.
ავიასაწვავის გაძვირების გავლენით გაძვირდა ავიაბილეთებიც, tkt.ge-ს ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულებით ზრდა 25%-საც აღწევს.
“2024-2025 წლებში ავიაბილეთების ფასები შედარებით სტაბილური იყო და ზრდა ძირითადად 0-10% ფარგლებში მერყეობდა. 2026 წელს უკვე უფრო აშკარა გაძვირება ჩანს, საშუალოდ დაახლოებით 5-15%-ით, პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებზე ზოგიერთ შემთხვევაში ზრდა 20-25%-ია.
ეს ძირითადად გამოწვეულია საწვავისა და ოპერაციული ხარჯების ზრდით. ამას ემატება თვითმფრინავების დეფიციტიც, რის გამოც ბევრ ავიაკომპანიას რეისების დამატება და მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება უჭირს”,- აცხადებს მარიამ თხილაიშვილი, TKT.GE-ის ავიაბილეთების მიმართულების ლიდი.
იქიდან გამომდინარე, რომ ავიაბილეთების ფასი ტურისტული პაკეტების თვითღირებულებაში ძირითადი კომპონენტია, გაძვირდა მოგზაურობაც. ტუროპერატორების ნაწილი ამბობს, რომ გაზრდილ ფასების გამო გაყიდვები დაახლოებით 30%-მდე შემცირდა.
“მაგალითად, თუ აპრილის თვეში გვქონდა რაღაც კონკრეტულ მიმართულებაზე 60 დოლარის სხვაობა, მაისის თვეში იმავე მიმართულებაზე მოვიდა 80 დოლარის ფასნამატი. ეს გულისხმობს თითოეულ ადამიანზე გაძვირებული ბილეთის ტარიფს”,-აცხადებს სალომე ბერაია, “პეგას ტურისტიკ საქართველოს და აზერბაიჯანის” გენერალური დირექტორი.
ავიაციის სექტორში არც დღეს არსებული ვითარებაა სახარბიელო და არც სამომავლო პროგნოზები. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტის საკითხი რომც მოგვარდეს, ლოგისტიკური ჯაჭვების აღდგენას თვეები დასჭირდება. ეს კი ნიშნავს, რომ ავიაციისთვის ყველაზე აქტიურ ზაფხულის პერიოდში სექტორი კრიზისში იქნება.