მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაფეტის ეპოქა დასრულდა: Berkshire-ის ფინანსური შედეგები გრეგ აბელმა წარადგინა
ბაფეტის ეპოქა დასრულდა: Berkshire-ის ფინანსური შედეგები გრეგ აბელმა წარადგინა

ბაფეტის ეპოქა დასრულდა: Berkshire-ის ფინანსური შედეგები გრეგ აბელმა წარადგინა

BM.GE4 მაისი, 2026, 16:35|bm.ge

ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგის, Berkshire Hathaway-ის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო: ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად, ინვესტორებთან შეხვედრას ლეგენდარული უორენ ბაფეტი არ უძღვებოდა, რადგან მისი პოზიცია და $1-ტრილიონიანი კომპანიის მართვის სადავეები გრეგ აბელმა ოფიციალურად გადაიბარა.

აბელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, Berkshire Hathaway-ს საოპერაციო მოგება პირველ კვარტალში 18%-ით გაიზარდა და $11.4 მილიარდი შეადგინა. კომპანიის ფულადი რეზერვების მოცულობამ კი რეკორდულ $397 მილიარდს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების მოლოდინებს აჭარბებს და მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ფულად რეზერვს წარმოადგენს. ეს მოცულობა იმდენად კოლოსალურია, რომ Berkshire-ს პირდაპირ 100%-ით შეუძლია Netflix-ის, Chevron-ის, Coca-Cola-ს, Alibaba-ს, HSBC-ის ან LVMH-ის ყიდვა.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კონგლომერატმა საანგარიშო პერიოდში $8.1 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. პარალელურად, კომპანიამ საკუთარი ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა განაახლა და ამ მიზნით $234 მილიონი დახარჯა.

დაზღვევის მიმართულებით კომპანიის მოგება 29%-ით გაიზარდა და $1.7 მილიარდი შეადგინა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Geico-ს ქვედანაყოფის მაჩვენებლები 35%-ით გაუარესდა, რაც გაზრდილმა საოპერაციო ხარჯებმა განაპირობა. რაც შეეხება სარკინიგზო ბიზნესს, BNSF-ის წმინდა მოგება 13%-ით გაიზარდა და $1.4 მილიარდს მიაღწია. აბელმა აღნიშნა, რომ სარკინიგზო სექტორში ეფექტიანობის გაზრდის პოტენციალი კვლავ არსებობს.

ომაჰაში გამართულ აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე გრეგ აბელმა ხელოვნური ინტელექტის როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ტექნოლოგიას კომპანია მხოლოდ ღირებულების შესაქმნელად გამოიყენებს. აპირებს თუ არა ახალი დირექტორი AI-ში ინვესტირებას, ამ ეტაპზე უცნობია.

ამასთან, აბელმა ხაზი გაუსვა, რომ კონგლომერატის დაშლა ან შვილობილი კომპანიების გაყიდვა არ იგეგმება. იგი მიიჩნევს, რომ Berkshire-ის სტრუქტურა ბიუროკრატიისგან თავისუფალია და კაპიტალის ეფექტურ მართვას უზრუნველყოფს. მისი შეფასებით, უორენ ბაფეტის მიერ აშენებული კონგლომერატი იმ ფორმით უნდა შენარჩუნდეს, რა ფორმითაც ახალა არის, თუმცა ის არ გამორიცხავს ოდნავ უფრო აქტიური საინვესტიციო სტრატეგიის არჩევას და შედარებით სარისკო პოზიციების გახსნას.

აქვე, იმასაც გეტყვით, რომ აბელის კარიერა Berkshire-ის გუნდში 1990-იან წლებში დაიწყო, როდესაც მან ენერგეტიკული კომპანია CalEnergy-ში დაიწყო მუშაობა. ეს კომპანია მოგვიანებით ბაფეტის ჰოლდინგის მფლობელობაში გადავიდა. 2018 წელს აბელი დაინიშნა ვიცე-თავმჯდომარედ არასადაზღვევო ოპერაციების მიმართულებით, რამაც მას ფართო ზედამხედველობის საშუალება მისცა Berkshire-ის მრავალფეროვან ბიზნესპორტფელზე: რკინიგზიდან დაწყებული, სამრეწველო, საცალო ვაჭრობისა და საწარმოო კომპანიების მართვით დამთავრებული.

ბაფეტმა აბელი თავის შემცვლელად და მემკვიდრედ ჯერ კიდევ 2021 წელს დაასახელა და აღნიშნა, რომ გრეგი "ფლობს კაპიტალის განაწილების ისეთივე უნარს, როგორსაც ბაფეტი და მანგერი" და თან მას კარგად ესმის Berkshire-ის ფილოსოფია.

აბელი ცნობილია, როგორც დეტალებზე ორიენტირებული, ინტროვერტი მენეჯერი, რომელიც ნამდვილად განსხვავებულია ბაფეტის შოუმენობისგან და ქარიზმისგან, ამიტომ არავის არ აქვს იმის მოლოდინი, რომ აბელი ისეთივე ცნობილი და საკულტო ინვესტორი გახდება, როგორიც ბაფეტი ან მანგერი იყო, თუმცა, ის სრულად იზიარებს ბაფეტის გრძელვადიან ფილოსოფიას - ღირებულებითი ინვესტირების და კომპანიების შესყიდვის კულტურას.

ზუსტად როგორი იქნება აბელის ეპოქა, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რადგან ერთი მხრივ, გვაქვს ბაფეტის ფილოსოფია, რომელსაც რთულია გადაუხვიო; ხოლო მეორე მხრივ – ბაფეტის ჩრდილი, რომლიდანაც რთულია ოდესმე გამოხვიდე. ასეა თუ ისე, Berkshire-ის დირექტორობა რთული საქმეა, განსაკუთრებით რთული კი ისაა, რომ აბელის განკარგულებაში ახლა 397 მილიარდი დოლარია, რომლითაც აბელს პლანეტაზე ლამის ნებისმიერი ბიზნესის შეძენა შეუძლია, მის ამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას კი ყველა ელოდება და თან უწყვეტად ისმის შეკითხვა, შეძლებს თუ არა აბელი ბაფეტის ღირსეულად ჩანაცვლებას?

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"დახურული შინაარსის შეხვედრა იყო" - ირაკლი კობახიძე ზელენსკითან შეხვედრაზე

"დახურული შინაარსის შეხვედრა იყო" - ირაკლი კობახიძე ზელენსკითან შეხვედრაზე

BM.GE

ADB-თან ხელს მოვაწერთ $1 მლრდ პროექტების დაფინანსებას, რომელიც მოიცავს საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას - ხუციშვილი

ADB-თან ხელს მოვაწერთ $1 მლრდ პროექტების დაფინანსებას, რომელიც მოიცავს საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას - ხუციშვილი

BM.GE

გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება

BM.GE