
ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნების შემსუბუქება სავალუტო რეზერვების მოცულობას $250 მლნ-ით შეამცირებს
კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემსუბუქება საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობას დაახლოებით 250 მლნ დოლარით შეამცირებს.
საქმე ისაა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით შეუმცირა, რითიც ბანკებს 250 მილიონ დოლარამდე რესურსი გამოუთავისუფლდებათ.
როგორც BMG-სთან სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, ბანკებისთვის დაწესებული სარეზერვო მოთხოვნები საბოლოოდ სებ-ის მთლიან საერთაშორისო რეზერვებში აისახება.
შესაბამისად, დავით უტიაშვილის თქმით, მოთხოვნების შემსუბუქებას რეზერვებზე ნეგატიური გავლენა ექნება. თუმცა სებ-ში განმარტავენ, რომ რეზერვების დაგროვების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ეს მოცულობა მატერიალური არაა.
“ბანკებიდან მოზიდული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები შემდეგ აისახება ცენტრალური ბანკის მთლიან საერთაშორისო რეზერვებში. ამიტომ ბუნებრივია, მაშინ ჰქონდა ამას პოზიტიური გავლენა [როდესაც 2024 წელს რეზერვების მოთხოვნა გაიზარდა], დღეს ეს გავლენა იქნება პირიქით – საერთაშორისო რეზერვები შემცირდება დაახლოებით 250 მილიონი დოლარით. თუმცა თუ თქვენ სტატისტიკას ადევნებთ თვალს, წლის დასაწყისიდან რამდენიმე ასეული მილიონი გვაქვს შეძენილი რეზერვებში, ამიტომ ამ კუთხით ეს გამოწვევა არ არის. წელს ველოდებით, რომ საერთაშორისო რეზერვები იმაზე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ვიდრე ადეკვატური დონეა.
რეზერვების კუთხით ჩვენ ვუყურებთ წმინდა მოცულობას, სადაც ეს არ შედის, თუმცა სტატისტიკურად რაც ქვეყნდება მთლიანი საერთაშორისო რეზერვები, იქ მთლიანად აისახება ეს თანხა – 250 მილიონი დოლარი. ამ ეტაპზე რაც გვაქვს ჩვენ ყოველთვიურად ინტერვენციებით ვალუტის შეძენა, ეს მატერიალური თანხა არაა", - განაცხადა დავით უტიაშვილმა.