
ბაქოში, აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO საქართველოს პავილიონი, ილჰამ ალიევმა დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საერთაშორისო აგროგამოფენის CASPIAN AGRO 2026 და კვების მრეწველობის 31-ე გამოფენის საქართველოს პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა - ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.
სონღულაშვილის განცხადებით, პავილიონში ილჰამ ალიევის გამოცხადება გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მან ასევე აღნიშნა, რომ ღონისძიების შედეგები უკვე ითარგმნა პარტნიორული კონტრაქტების გაფორმებაში.
"Caspian Agro წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს აგროსასურსათო გამოფენას და მასში საქართველოს მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონულ ჭრილში და კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არა მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობას, არამედ საქართველოს წარმოაჩენს რეგიონში, როგორც აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელს.
მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს სტენდთან მობრძანებული იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობას. გამოფენა გამოირჩევა შედეგიანობით, წინა წლებში მონაწილე კომპანიებმა უკვე შეძლეს კონტრაქტების გაფორმება, რაც ქართულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას ექსპორტის გაფართოების, რეგიონში მეტად წარმოჩენის და ჯამში ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საერთაშორისო აგროგამოფენის CASPIAN AGRO ქართულ პავილიონში წარმოდგენილია კომპანიების: ბიოპლანტი, ჰობი, ვასაძის პური, ფარკონი, ჯეონატურალსი, აჩინებული, ჩელთი და მეღვინეობა ვინიტორი მუკუზნის მიერ წარმოებული - ღვინო, ნატურალური წვენები, საკონდიტრო და საკონსერვო ნაწარმი, თაფლი, სანელებლები და ორგანული სასუქი.
საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2026 5 მაისს გაიხსნა და 7 მაისს დასრულდება. 2026 წელს ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.