
"ბაზისბანკი" "ლიბერთის" მინორიტარი აქციონერებისგან აქციების სავალდებულო გამოსყიდვას გეგმავს
„ბაზისბანკი“ „ლიბერთი ბანკის“ დარჩენილი აქციების, ანუ ბანკის დაახლოებით 4%-ის პაკეტის, სავალდებულო წესით გამოსყიდვას გეგმავს. 16 ოქტომბრით დათარიღებულ განცხადებაში "ბაზისბანკი" მიუთითებს, რომ გამოსყიდვის პროცედურის დაწყების მიზნით, კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. აქციების სამართლიან ფასს სასამართლო განსაზღვრავს, ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციებისთვის კი ფასი ცალ-ცალკე დადგინდება.
"ბაზისბანკის" განცხადებით, აქციების სავალდებულო გამოსყიდვის მიზანია „ლიბერთი ბანკის“ ფუნქციონირების ეფექტურობის გაზრდა, მართვის ოპტიმიზაცია, ადმინისტრაციული რესურსისა და მმართველობითი ხარჯების შემცირება. ამასთან, ბანკი სამომავლოდ „ლიბერთი ბანკთან“ შერწყმასაც განიხილავს, მიერთების გზით.
"ბაზისბანკი", განცხადებაში აღნიშნავს, რომ ლიბერთი ბანკის განთავსებული კაპიტალის 95%-ზე მეტს ფლობს, რაც მას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
სასამართლოსთვის მიმართვა განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, კანონით დადგენილი წესით იქნება შესაძლებელი. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ და განსაზღვროს როგორც მათი სამართლიანი ფასი, ისე გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბაზისბანკი გამოსყიდის ყველა დარჩენილ აქციას, რომლებიც შესაბამისი სააღრიცხვო თარიღისთვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში იქნება აღრიცხული. გამოსასყიდი თანხა სპეციალურ ანგარიშზე განთავსდება, ხოლო აქციონერებს კანონით გათვალისწინებული წესით ეცნობებათ პროცედურის შესახებ. მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ კუთვნილი აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლიანი ფასის მიხედვით.
ბაზისბანკმა ლიბერთის 95.99% აპრილში შეიძინა
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის საკონტროლო პაკეტი საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის შემდეგ, 2026 წლის 16 აპრილს შეიძინა. გარიგების ფარგლებში ბანკის ჩვეულებრივი აქციების 95.99%-ის შესყიდვაზე 674.1 მილიონი ლარი გადაიხადა. ლიბერთის ყოფილი აქციონერების მიერ მიღებული დივიდენდის ჩათვლით, გარიგების საერთო ღირებულება დაახლოებით 802 მილიონ ლარს აღწევს.
მანამდე, 2026 წლის 29 მაისს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის დარჩენილი აქციების გამოსყიდვის მიზნით სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გამოაცხადა. შეთავაზება 8 ივნისიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებდა.
იმდროინდელი პირობებით, ბაზისბანკი მზად იყო, თითო ჩვეულებრივ აქციაში 15.785 თეთრი, ხოლო თითო კონვერტირებად პრივილეგირებულ აქციაში 1.11 ლარი გადაეხადა. ჩვეულებრივი აქციების შეთავაზებული რაოდენობა 178,373,697 ერთეულს, ანუ ლიბერთი ბანკის განთავსებული ჩვეულებრივი აქციების 4.01%-ს შეადგენდა. ამ აქციების სრულად გამოსყიდვის შემთხვევაში გადასახდელი თანხა 28.16 მილიონი ლარი იქნებოდა.
გარდა ამისა, შეთავაზება ლიბერთი ბანკის 4,565,384 პრივილეგირებულ აქციასაც მოიცავდა. მათი სრულად გამოსყიდვის ღირებულება დაახლოებით 5.07 მილიონი ლარია. შესაბამისად, ორივე კლასის აქციების შესყიდვისთვის შეთავაზებული ფასების მიხედვით, ჯამური თანხა დაახლოებით 33.23 მილიონ ლარს შეადგენდა.
ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციების აღნიშნული ფასები დამოუკიდებელ აუდიტორულ კომპანია MOORE abc-ის შეფასების ანგარიშის საფუძველზე იყო განსაზღვრული. თუმცა, ოქტომბრის განცხადების მიხედვით, ახალი პროცედურის ფარგლებში აქციების საბოლოო სამართლიან ფასს სასამართლო დაადგენს.
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის დასრულების შემდეგ, ბაზისბანკი ახლა უკვე აქციების სავალდებულო მიყიდვის სამართლებრივი პროცედურის დაწყებას გეგმავს. ამ ეტაპზე ახალი პროცედურის ფარგლებში აქციების გამოსყიდვის საბოლოო ფასი სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს.
BM.GE
წყარო: bm.ge