
Berliner Wein Trophy 2026-ზე გონაძეების მეღვინეობის სამმა ღვინომ ოქროს მედლები მოიპოვა
Berliner Wein Trophy 2026-ზე გონაძეების მეღვინეობის სამმა ღვინომ – ალექსანდრეულმა, ხვანჭკარამ და რაჭამ – ოქროს მედლები მოიპოვა - ინფორმაციას ამის შესახებ რაჭაში მოქმედი მეღვინეობა თავად ავრცელებს.
"ეს გამარჯვება ჩვენი გუნდის შრომის, რაჭის უნიკალური ტერუარისა და ქართული მეღვინეობის ტრადიციების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გზას იზიარებს და ქართული ღვინის პოპულარიზაციაში თავისი წვლილი შეაქვს. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას", - აცხადებენ კომპანიაში.
გონაძეების მეღვინეობა რაჭაში მდებარეობს და ბიზნესს 2000 წლიდან აწარმოებს. საოჯახო მეურნეობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულსა და ჯვარისაში 30 ჰა-ზე გაშენებულ ვენახებს მართავს. 2016 წელს ვენახების მესაკუთრეებმა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი ალვაზი დააარსეს.
Berliner Wein Trophy მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური და პრესტიჟული ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც გერმანიაში ტარდება. ღონისძიება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) და ენოლოგთა საერთაშორისო კავშირის (UIOE) პატრონაჟით იმართება.
კონკურსზე ყოველწლიურად მსოფლიოს ათობით ქვეყნიდან წარმოდგენილია 14,000-ზე მეტი ღვინის ნიმუში, რომლებსაც საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს.
OIV-ის მკაცრი წესების თანახმად, მედლებით ჯილდოვდება კონკურსზე წარდგენილი ღვინოების მაქსიმუმ 30%, რაც ამ ჯილდოს განსაკუთრებულ ფასსა და აღიარებას ანიჭებს.
BM.GE
წყარო: bm.ge