
ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნედლი ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა – დღევანდელ სავაჭრო სესიაზე Brent-ის ფასი 3.5%-ით, $95-მდე შემცირდა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 88 დოლარამდე დაეცა. რაც შეეხება რუსულ Urals-ს, მისი ფასი 77 დოლარამდეა შემცირებული.
ოქტომბერში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, Brent-ის ფასი უკვე 19%-ით არის შემცირებული, ხოლო Urals-ის გაიაფების მაჩვენებელი 40%-ს აღწევს.
მკვეთრადაა შემცირებული ბუნებრივი აირის ფასიც, რომელიც ამჟამად მეგავატ/საათზე 84 ევროს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 12%-იან კორექციას წარმოადგენს.
დაღმასვლის ტენდენცია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ განცხადებას უკავშირდება. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამისა და ჰორმუზის სრუტის საკითხებზე დიპლომატიური მოლაპარაკებების პროგრესის შემთხვევაში, ამერიკა თეირანზე ახალ სამხედრო იერიშებს აღარ მიიტანს და კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმებით დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ბაზარზე აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ შეცვლილი პოლიტიკური ვითარებაც მოქმედებს. ამ არჩევნებში დადასტურდა, რომ ამერიკელების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ირანის ომი და მის გამო გაძვირებული ნავთობია, შესაბამისად, ახლა ინვესტორები ფიქრობენ, რომ დემოკრატიული პარტიის მართვაში გადასული კონგრესი ყველაფერს გააკეთებს ამ კონფლიქტის დასასრულებლად და ტრამპის ძალაუფლების შესაზღუდად.
პარალელურად, JPMorgan-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდება ფიქსირდება. დოკუმენტის თანახმად, ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტის აღდგენისა და გლობალურად შემცირებული მოთხოვნის გამო, სექტემბერში ნავთობის გლობალურმა პროფიციტმა დღეში 1.1 მილიონი ბარელი შეადგინა. ბანკის შეფასებით, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი დღეში 1.4 მილიონ ბარელამდე გაიზარდა და თუ ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება, ჭარბი მიწოდება ნავთობის მკვეთრ გაუფასურება გამოიწვევს.
პოზიტიური სიახლეების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის ფასში ისევ რჩევა ე.წ. „ომის პრემიუმი“, რომელიც ამჟამად ბარელზე დაახლოებით 25 დოლარს შეადგენს. თუ ომი დასრულდება, ბუნებრივია, ეს ფასნამატიც გაქრება.
BM.GE
წყარო: bm.ge