
ბიზნესები, რომლებიც დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მხარდამჭერ კამპანიას უერთდებიან
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მხარდამჭერ კამპანიას სხვადასხვა კომპანიები უერთდებიან.
მას შემდეგ, რაც მოძრაობა „დაიცავი ილიაუნის“ წევრებმა უწყვეტ ლაივ მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის უკვე ნახევარი მილიონი ლარი შეაგროვეს, კამპანიაში ჩართვის სურვილი სხვადასხვა ბიზნესებმა გამოხატეს:
სულაკაურის გამომცემლობა:
"დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხვალ, 23 მაისს, ჩვენს მაღაზიებში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი მათ ფონდში გადაირიცხება. იმედი გვაქვს, სიმბოლური 1 ლარის გამოწვევას სხვა ბიზნესის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა „დაიცავი ილიაუნის” სტუდენტებს ამ წამოწყებისთვის!
წამალი ბავშვებს!"
გამომცემლობა ინტელექტი:
წამალი ბავშვებს! ვუერთდებით სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing გამოწვევას და 23 მაისს „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ და intelekti.ge-ზე გაყიდული თითოეული წიგნიდან 1 ლარს გადავრიცხავთ დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად.
ბიბლუსი:
წამალი ბავშვებს! 23 მაისს, ბიბლუსის დაბადების დღეზე, ყოველი შეძენილი წიგნიდან 1 ლარი გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ ფონდში.ერთად კეთილი საქმის კეთება ჩვენთვის საუკეთესო საჩუქარია.
გამომცემლობა არჯანუჯი:
„წამალი ბავშვებს! ვუერთდებით „სულაკაურის გამომცემლობის“ წამოწყებას და ხვალ, 23 მაისს, წიგნის მაღაზიებში – „ბიბლუსსა“ და „შაქრო ბაბუაში“ – გაყიდული თითოეული წიგნიდან 1 ლარი დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად გადაირიცხება“.
ბურატინო სათამაშოები:
„სიკეთე გადამდებია! ვუერთდებით სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing-ის ინიციატივას და ხვალ, 23 მაისს, ბურატინოს ოთხივე ფილიალში განხორციელებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების ფონდში წამალი ბავშვებს!“.
წიწილა:
"დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხვალ და ზეგ , 23 და 24 მაისს, წიწილა ბისტროს ფილიალებში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 5 ლარი ფონდში მათ დასახმარებლად გადაირიცხება. ჩვენი მხარდაჭერა ბავშვებს".
გიორგი კეკელიძე:
„ჩემი საბავშვო წიგნები იწერება ბავშვებისთვის. ეს წიგნები არის პასუხისმგებლობა მათ მიმართ და მხოლოდ. ასე გადავწყვიტე - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის ამ წიგნების ჰონორარიდან, ნაწილს გადავრიცხავ პერიოდულად. კუპატასგან და თომასგან".
FlowFlow Magazine:
„დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, 22-დან 28 მაისამდე პერიოდში გაყიდული ყველა ბილეთიდან, 1 ლარი მათ ფონდში გადაირიცხება. წამალი ბავშვებს!“
ცოდნის კაფე:
„ვუერთდებით სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივას და დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხვალ, 23 მაისს, ჩვენს წიგნის მაღაზიაში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი მათ ფონდში გადაირიცხება. იმედი გვაქვს, სიმბოლური 1 ლარის გამოწვევას სხვა ბიზნესის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. წამალი ბავშვებს!“
არტე:
„მაისის ბოლომდე შემოსული თითოეული შეკვეთა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ყველა შეკვეთიდან ნაწილი თანხა გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად! არტე უერთდება საერთო კეთილ საქმეს, გვჯერა რომ ერთიანი ძალებით ყველაფერს შევძლებთ“.
ჩიკატაი:
„საუკეთესო მაგალითი გვაჩვენეს ილიას უნივერსტეტის სტუდენტებმა - პატარა ნაბიჯიც რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თითქოს სულ ვიცით, მაგრამ ხანდახან შეხსენება მაინც გვჭირდება როგორც ჩანს.ვუერთდებით მათ წამოწყებას და დღეიდან ერთი კვირის მანძილზე ყველა გაყიდული პროდუქტიდან 10₾ გადაირიცხება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის. შეიძლება ეს ძალიან ცოტაა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ეტაპზე, მაგრამ გვჯერა, რომ პატარა ნაბიჯიც მნიშვნელოვანია!“.
ის პოსტერი:
„დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, დღეიდან ერთი კვირის მანძილზე, თითოეული გაყიდული პოსტერიდან 5 ლარი მათ დასახმარებლად გადაირიცხება. იმედი გვაქვს, ამ სიმბოლურ გამოწვევას ყველა შემოურთდება და სიკეთის ვირუსივით გავვრცელდებით. წამალი ბავშვებს! ერთად ყველაფერი გამოვა“.
Gisho Coffee:
„დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად დღეიდან 26 მაისის ჩათვლით ჩვენს კოფი-შოპში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან მიღებული 1 ლარი ილიაუნის სტუდენტების მიერ შექმნილ ფონდში გადაირიცხება. მოვუწოდებთ სხვა კოფი-შოპებს და ბიზნესებს, შემოგვიერთდნენ ამგვარ ქველმოქმედებაში და ერთად ვუყიდოთ საჭირო მედიკამენტი ბავშვებს!“.
პროფკავშირი „ლაბორი“:
„პროფკავშირ „ლაბორის“ გამგეობის გადაწყვეტილებით, მაისში დასაქმებულთა მიერ ჩარიცხული საწევრო ანარიცხების მთლიანი თანხის 1% გადაირიცხება დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთა მხარდამჭერ ფონდში. „ლაბორი“ ამ ფორმით უერთდება მარათონს. გვჯერა, რომ სოლიდარობა ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების საუკეთესო საფუძველია“.
Zura's Bike Shop:
„წამალი ბავშვებს! წამალი ბავშვებს! დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად 23 მაისიდან, 31 მაისის ჩათვლით, ჩვენს მაღაზიებში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი ბავშვიკებთან გადაირიცხება“.
საქართველოს უნივერსიტეტი:
"საქართველოს უნივერსიტეტი უერთდება დაიცავი ილიაუნის მარათონს და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად რიცხავს 15000 ლარს, UG სტუდენტების, კურსდამთავრებულების და თანამშრომლების სახელით".
BM.GE
წყარო: bm.ge