
"ბიზნესი არ გრძნობს თავს საფრთხეში" - რა ფაქტორებით აფასებს ლექსო ალექსიშვილი საინვესტიციო გარემოს?
PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ლექსო ალექსიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ცუდი საინვესტიციო გარემო ნამდვილად არ არის, თუმცა მისივე თქმით, თუკი ვაფასებთ საინვესტიციო გარემოს მთლიანობაში, უნდა ვუყუროთ რამდენად აქტიური და ინტენსიურია ინვესტიციების ნაკადი ქვეყანაში, როგორც შემოსვლა, ასევე, გასვლაც. აღნიშნულის შესახებ ალექსიშვილმა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
“2025 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები მცირედით აღემატება 2024-ის მაჩვენებელს, რაც თავისთავად კარგი მომენტია. თუმცა საინტერესოა ის, რომ აქ რეინვესტირების ნაწილი არის ძალიან დიდი, დაახლოებით 80-85%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ინვესტორებს, რომლებსაც შეეძლოთ, რომ ეს თანხა უცხოეთში წაეღოთ, არ წაიღეს და ისევ შიგნით დატოვეს. რაც თავისთავად კარგი მაჩვენებელია. თუმცა [საჭიროა] ახალი მოცემულობა, რომელიც ახალი ინვესტიციების მოტანის მაგალითებს გააჩენდა, განსაკუთრებით არა უძრავი ქონების ან საფინანსო სექტორში, არამედ სხვა სექტორში.
მოგეხსენებათ, საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, მისი ეკონომიკა არ არის დიდი და ბუნებრივია, ჩვენ აქ დიდ, მსხვილ და მასშტაბურ პროექტებს ყოველ წელს და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვერ ვნახავთ. მაგრამ ერთი რაც უნდა ვთქვათ, არის ის, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ არა მხოლოდ მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელება, თუკი ვაფასებთ საინვესტიციო გარემოს მთლიანობაში, არამედ უნდა ვუყუროთ რამდენად აქტიური და ინტენსიურია ინვესტიციების ნაკადი - შემოსვლაც და გასვლაც. მათ შორის, მაგალითად, მეზობელი ქვეყნებიდან ინვესტიციების შემოტანა და რამდენად საინტერესო არის საქართველო ინვესტორებისთვის გრძელვადიანად. მე მაინც მგონია, რომ დღეს საინვესტიციო გარემო ცუდი ნამდვილად არ არის, კარგია”, - განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა.
“ანალიტიკის” წამყვანის კითხვაზე - რამდენად მოქმედებს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე ქვეყანაში ამოქმედებული შეზღუდვა მეწარმეებისთვის საჯარო პოლიტიკური განცხადებების შესახებ, PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ეს ცალსახად არ არის ნორმალური, თუმცა ამ ეტაპზე საინვესტიციო გარემოზე არსებითი უარყოფითი გავლენა არ აქვს.
“ის ფაქტორები, რაც თქვენ აღწერეთ ახლა, რომ მაგალითად ინვესტორს არა აქვს ხმის ამოღების უფლება და სხვა რაღაცებზე საუბრის საშუალება, ცალსახად არ არის ნორმალური, იმიტომ რომ მგონია, რომ ადამიანის თავისუფლება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაც და აზრის გამოხატვაც. მაგრამ ეს რომ ხელს უშლიდეს რომელიმე კონკრეტული ბიზნესის საქმიანობას და ამის მიხედვით იღებდეს გადაწყვეტილებას, მე არ მგონია, რომ ეს იყოს ფაქტორი.
ბიზნესი არ გრძნობს თავს საფრთხეში. არ გრძნობს თავს საფრთხეში იმ თვალსაზრისით, რომ მას ვინმე საფრთხეს მიაყენებს. იმ შეკითხვაზე პასუხი, რომელიც თქვენ დამისვით, შეიძლება იყოს ის, რომ ისინი თავს საფრთხეში არ გრძნობენ. ხოლო ეს გამოიწვევს თუ არა საერთო ჯამში ქვეყნის მიმზიდველობის გაზრდას სხვა ინვესტორებისთვის, ეს ცალკე შეკითხვაა ალბათ და ამას უნდა ვუპასუხოთ. იმიტომ რომ ვინ არიან ის ინვესტორები, რომლებიც საქართველოში შეიძლება შემოვიდნენ და თავიანთი ინვესტიციებისთვის, წარმოების და სერვისების განვითარებისთვის საქართველო როგორც საინტერესო პლატფორმა გამოიყენონ, ეს ცალკე თემაა და ამას ალბათ ცალკე უნდა შევხედოთ”, - განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა.
ცნობისთვის, გასულ წელს FDI 7.6%-ით, $1.68 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა, წლიური ზრდის მიუხედავად, ინვესტიციები უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2022 წელს ($2.22 მლრდ) და 2023 წელს ($1.93 მლრდ).
BM.GE
წყარო: bm.ge