
ბიზნესმა საკუთარ თავს თვითცენზურა დაუწესა და დუმილი არჩია - მაია მწარიაშვილი
სისხლის სამართლის კოდექსში შესულმა ცვლილებებმა, რომლებიც ბიზნესის „პოლიტიკურ აქტივობას“ კრძალავს, პირველი შედეგები უკვე გამოიღო - როგორც იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი BMG-სთან აცხადებს, ბიზნესსექტორში ყველაზე თვალსაჩინო შედეგი თვითცენზურის ამოქმედებაა.
„ალბათ, უკვე იმუშავა თვითცენზურამ. დიახ, ბიზნესი ცდილობს თავად დაუქვემდებაროს საკუთარი თავი თვითცენზურას და არ ისაუბროს არაფერზე“ - ამბობს მაია მწარიაშვილი.
რაც შეეხება საკითხს, რომ კანონი პრაქტიკაში, ჯერჯერობით, არავის წინააღმდეგ ამოქმედებულა, იურისტი აცხადებს, რომ ცვლილებები კოდექსში ჯერჯერობით, ახალია, ხოლო კანონი უკვე მოქმედებაშია.
„ვისზე როდის გავრცელდება, ეს არავინ იცის. მაგრამ თვითონ ეს ნორმა რასაკვირველია, თავისი ბუნებით უსასრულო სივრცეს იძლევა თვითნებური ინტერპრეტაციისთვის.
ამ მუხლების წაკითხვით, ახსნით, ფიქრით, თქვენ ვერასოდეს მიხვდებით როგორ შეუსაბამოთ თქვენი ქცევა ამ ორ მუხლს. წინასწარ იმდენად ბუნდოვანია, იმდენად გაუმართავია ენობრივი და სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით, სისხლის სამართლისთვის იმდენად გაუგებარ ცნებებს იყენებს, იმდენად სუბიექტური კატეგორია და იმდენი პოლიტიკა შემოაქვს, რომ არც ერთი ამ ცნების უკან დოგმატური განმარტება არ არის. ამიტომ, თქვენ ვერასოდეს შეუსაბამებთ თქვენს ქცევას კოდექსის ამ მუხლებს იქამდე, ვიდრე პროკურორი არ გესტუმრებათ, თქვენ ვერასოდეს გეცოდინებათ თქვენი რომელი ქმედება არის დანაშაული.
ძალიან ბევრი სამართლებრივი პრობლემა აქვს ამ მუხლებს, სავსეა პოლიტიკით და შეფასებითი კატეგორიით, რასაც არაფერი ესაქმება სისხლის სამართლის კოდექსში. ეს კონკრეტული მუხლები არაფერს ამბობს კონკრეტულად რა ტიპის ქმედება არის დასჯადი. ეს მუხლები ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ჩვენს სხვა საკანონმდებლო აქტებს, ასევე ევროპულ კონვენციას, თუნდაც სიცხადის თვალსაზრისით - მის მეშვიდე მუხლს" - აცხადებს მაია მწარიაშვილი BMG-სთან სისხლის სამართლის კოდექსის იმ ახალ მუხლზე, რომელიც სამეწარმეო სუბიექტის პოლიტიკურ აქტივობას კრძალავს და ასევე ე.წ. ექსტრემიზმის მუხლზე, რომელიც იურიდიულ პირებს ეხება და მათ ლიკვიდაციას იწვევს.
მეწარმეებს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, 4 მარტიდან საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიზნესს ეკრძალება ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის საქმიანობას არ უკავშირდება. პირველ ჯერზე ჯარიმა 20 000 ლარია, განმეორების შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ჩანაცვლდება.
BM.GE
წყარო: bm.ge