
ბიზნესმენ თემურ ანჩაბაძის კომპანია იგოეთთან 55-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს
ბიზნესმენ თემურ ანჩაბაძის კომპანია "ქისთოუნ ფაუერის" მიერ დაფუძნებული შპს "აპოთეკო" იგოეთთან 54.6-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს - ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სკოპინგის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
კომპანიის მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ელექტროსადგური 10 ტურბინა-გენერატორისგან იქნება შემდგარი, ტურბინები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მიმდებარედ განთავსდება.
"საპროექტო ტერიტორია, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, რომლის დასავლეთით მდებარეობს სოფ: იგოეთი და სამთავისი, ჩრდილოეთით ლამისყანა, აღმოსავლეთით ოკამი და აღაიანი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ძეგვი, ქვემო ხანდაკი, ხოლო სამხრეთ ნაწილში ქ. კასპი,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.
დოკუმენტაციის თანახმად, თითოეული ტურბინა-გენერატორის დადგმული სიმძლავრე 5.46 მეგავატ საათი იქნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პროექტზე საჯარო განხილვები უკვე დანიშნა და ის 19 მაისს სოფელ სამთავისსა და სოფელ ლამისყანაში გაიმართება. დაინტერესებულ მხარეებს 27 მაისამდე შეეძლებათ პროექტზე საკუთარი მოსაზრების და შენიშვნების დაფიქსირება.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის 15%-ის მფლობელია თორნიკე ბახტურიძე, 85%-ის კი შპს "ქისთოუნ ფაუერი", რომლის დამფუძნებელი და 100%-ის მფლობელი არის ბიზნესმენი თემურ ანჩაბაძე.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, ანჩაბაძე საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა და მას კომპანია "ქისთოუნ ინვესთმენთსის" მეშვეობით საქართველოში განხორციელებული აქვს რამდენიმე მსხვილი პროექტი, მათ შორის მონაწილეობდა კომპანია "მაგნიტში", ასევე "ქისთოუნ დეველოპმენტში", კომპანია "ზედაზენსა" და "ქისთოუნ აგროში".
რაც შეეხება ქარის ენერგიის სხვა პროექტებს საქართველოში, გასუ კვირაში მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას 2031 წლამდე 1300 მეგავატის სიმძლავრის ქარის ენერგოსადგურები შეიძლება შეემატოს, რაც ინვესტორებთან გაფორმებული შეთანხმებების შედეგია. ამ პროექტებს შორის ყველაზე მალე 2026 წლის ზაფხულში გაიხსნება კომპანია "ფერის" მიერ აშენებული 206-მეგავატიანი რუისის ქარის ელექტროსადგური, რომელსაც EBRD 119 მილიონი დოლარის სესხით აფინანსებს. ამასთან, ელექტროსისტემას უკვე მიუერთდა შპს "ზემო ვინდის" 19-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური, რომელიც ბიზნესმენ სულხან პაპაშვილის კომპანიამ ააშენა.