
BMW-ს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
გერმანული ავტოგიგანტის, BMW-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ოლივერ ციფსემ თანამდებობა 14 მაისს დატოვა. ბორდის ხელმძღვანელის პოსტი მილან ნედელკოვიჩმა დაიკავა, რომელიც აქამდე წარმოების მიმართულებას კურირებდა. საკადრო ცვლილებების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაანონსდა, ოფიციალურად აქციონერთა საერთო კრებაზე გამოცხადდა.
62 წლის ოლივერ ციფსე BMW-ში 35 წლის განმავლობაში მუშაობდა, მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს კი 2019 წლის აგვისტოდან იკავებდა. BMW-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლას პეტერმა აღნიშნა, რომ ციფსემ კომპანიას ისეთი გლობალური კრიზისების დროს უხელმძღვანელა, როგორიც COVID-19-ის პანდემია იყო. პ
არალელურად, მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო ელექტრომობილების ახალ, Neue Klasse პლატფორმაზე გადაყვანის პროცესი, რაც ბრენდის ისტორიაში უმსხვილეს სტრატეგიულ პროექტად მიიჩნევა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი ხელმძღვანელი, 56 წლის მილან ნედელკოვიჩი, კომპანიის მმართველი საბჭოს წევრი 2019 წლიდან არის. მისი კარიერა BMW-ში 1993 წელს, სტაჟირების პროგრამით დაიწყო. ნედელკოვიჩი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ პოზიციებს ოქსფორდის, ლაიფციგისა და მიუნხენის ქარხნებში იკავებდა, ასევე იყო ვიცე-პრეზიდენტი კორპორაციული ხარისხის მიმართულებით. არსებული ინფორმაციით, მისი კონტრაქტი მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 2031 წლამდე იქნება ძალაში.
გამოცდილებასთან ერთად, მას განათლებაც გამოარჩევს, რადგან ნედელკოვიჩი როგორც მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის, ასევე RWTH Aachen-ის და მიუნხენის ტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, სადაც მან ინჟინერიის მიმართულებით დოქტორის ხარისხი მოიპოვა.
წლების განმავლობაში ის იყოს BMW-ს საწარმოო ხაზის, ინჟინერიის, ხარისხის კონტროლის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელი.
კომპანიის განცხადებით, ნედელკოვიჩის მთავარი ამოცანა ჩინეთის ბაზარზე BMW-ს გაძლიერება, ელექტრომობილების მიმართულების განვითარება და Neue Klasse-ის დიზაინის მქონე სამოდელო ხაზის ბაზარზე წარმატებით ჩაშვება.
BM.GE
წყარო: bm.ge