
ბომბის მუქარის გამო ევროპაში ათზე მეტი ავიარეისი შეფერხდა - რა ვიცით ცრუ შეტყობინებების ტალღაზე?
ევროპის მასშტაბით ბომბის არსებობის შესახებ მიღებულმა შეტყობინებებმა ხუთშაბათს არაერთი ავიარეისის მარშრუტის შეცვლა ან საავარიო დაჯდომა გამოიწვია. ეს მიმდინარე კვირაში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ევროპული ავიაცია მსგავსი მასშტაბური შეფერხების წინაშე დგება. შემოწმებების შედეგად არცერთ საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
5 ნოემბერს განსაკუთრებული მზადყოფნა ჩეხეთში გამოცხადდა, სადაც პრაღის ვაცლავ ჰაველის აეროპორტისკენ მიმავალ ოთხ თვითმფრინავზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების საფრთხის შესახებ შევიდა ინფორმაცია.
აეროპორტის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ მუქარა ანონიმური ელექტრონული წერილით მიიღეს, რის შემდეგაც კრიზისული კომიტეტი შეიკრიბა. ჩეხეთის პოლიციის განმარტებით, მსგავსი შეტყობინებები ევროპის სხვა აეროპორტებშიც გაიგზავნა. შემოწმების დასრულების შემდეგ სამართალდამცავებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ თვითმფრინავებში ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
მომხდარის გამოძიება ჩეხეთის ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა ცენტრმა გადაიბარა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლუბომირ მეტნარის განცხადებით, ჩეხური მხარე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კავშირზეა.
ხუთშაბათს მომხდარი განგაშის გამო იძულებითი ზომები სხვა ევროპულმა კომპანიებმაც მიიღეს:
• Aer Lingus-ის რეისი, რომელიც დუბლინიდან რომისკენ მიფრინავდა, უსაფრთხოების მიზნით საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დაეშვა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, ბორტზე მყოფი 151 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. • Finnair-ის თვითმფრინავს, რომელიც ჰელსინკიდან რომში მიემართებოდა, ბომბის მუქარის შემდეგ იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი გამანადგურებელი მიჰყვებოდა რომის ფიუმიჩინოს აეროპორტამდე. პოლიციის მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ დადასტურდა, რომ საფრთხე არ არსებობდა. • ბულგარეთში საგანგებო დაჯდომა განახორციელა სამმა თვითმფრინავმა: კოპენჰაგენიდან და მადრიდიდან მიმავალი ხომალდები დედაქალაქ სოფიაში დაეშვა, ხოლო ლონდონიდან მომავალი რეისი - პლოვდივში. • პოლონურმა ავიაკომპანია LOT-მა ვარშავიდან აფრენილ ერთ-ერთ თვითმფრინავთან დაკავშირებით მიიღო საეჭვო შეტყობინება, თუმცა რეისი ბრიუსელში მშვიდობიანად დაეშვა.
დღევანდელ განგაშს წინ სამშაბათს მომხდარი ფართომასშტაბიანი ინციდენტების სერია უძღოდა, როდესაც ბომბის მუქარა ევროპის მასშტაბით სულ მცირე შვიდ რეისსა და ერთ საკრუიზო გემს შეეხო; შედეგად, დროებით დაიხურა ვარშავის აეროპორტი; ესპანეთის ქალაქ მურსიის აეროპორტში მანჩესტერიდან მიმავალ Ryanair-ის რეისზე გამოცხადებული განგაშის გამო ტერიტორიის ნაწილი გადაიკეტა, რაც მოგვიანებით ცრუ შეტყობინებად შეფასდა;
ბომბი ეძებეს სოფიასა და რომში დაშვებულ რეისებზეც, თუმცა ეჭვები არსად დადასტურდა;
საბერძნეთში სანაპირო დაცვამ სპეციალური ძაღლების დახმარებით შეამოწმა ისრაელისკენ მიმავალი პანამის დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი Crown Iris, მას შემდეგ რაც უცნობმა პირმა განაცხადა, რომ გემის კორპუსზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. შემოწმების შემდეგ ხომალდმა გზა განაგრძო.
ექსპერტთა შეფასება: რა შეიძლება იყოს თავდასხმების მიზანი?
მუქარებზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია და ოფიციალურ პირებს შესაძლო ორგანიზატორები ჯერ არ დაუსახელებიათ.
თუმცა, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ავიაციაზე თავდასხმის მუქარები დროში ევროპის მასშტაბით სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევებს ემთხვევა.
"შეფერხებები იქმნება სხვადასხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისში, რაც ეკონომიკურ ზარალს იწვევს და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას", - განაცხადა საავიაციო კიბერუსაფრთხოების კომპანია Cyviation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელირან ალმოგმა.
ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი კოორდინირებული ცრუ შეტყობინებების მიზანი შესაძლოა არა მხოლოდ პანიკის დათესვა და ეკონომიკური ზიანის მიყენება, არამედ კრიტიკულ სიტუაციებში ევროპული უსაფრთხოების სამსახურების რეაგირების სისწრაფისა და მექანიზმების გამოცდა იყოს.
BM.GE
წყარო: bm.ge