
"ბორჯომის" მფლობელი ჰოლდინგს შემოსავალი რეკორდულ $704 მილიონამდე გაიზარდა
„ბორჯომის“ ჰოლდინგის მფლობელმა კომპანია Rissa Investments Limited-მა 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, 2025 წელს კომპანიის კონსოლიდირებულმა შემოსავალმა 703.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან (556.5 მლნ დოლარი) შედარებით თითქმის 147 მილიონი დოლარით მეტია. ამასთანავე, გასულ წელს ჰოლდინგის წმინდა მოგება 89.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა (2024 წელს ეს მაჩვენებელი 84 მილიონ დოლარს შეადგენდა).
Borjomi-ის მინერალური წყალი საერთაშორისო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის, რომლის საბოლოო მაკონტროლებელიც კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Rissa Investments Limited-ია. ჯგუფი ფართო გეოგრაფიაზე ოპერირებს და აწარმოებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა „ბორჯომი“, „ლიკანის“, „ბაკურიანი“, ასევე რუსეთის ფედერაციის წამყვან მტკნარ და მინერალურ წყლებს „სვიატოი ისტოჩნიკსა“ და „მორშინსკის“.
2025 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის შემოსავლების უმთავრეს წყაროდ კვლავ რუსეთის ფედერაციის ბაზარი რჩება. 2025 წლის განმავლობაში გეოგრაფიული ბაზრების მიხედვით გაყიდვები შემდეგნაირად გადანაწილდა:
• რუსეთის ფედერაცია — $507.9 მილიონი (მატება: +$116.4 მლნ; 2024 წელს შეადგენდა $391.5 მლნ-ს) • ყაზახეთი — $51.4 მილიონი (მატება: +$9.5 მლნ; 2024 წელს შეადგენდა $41.9 მლნ-ს) • საქართველო — $43.4 მილიონი (მატება: +$4.3 მლნ; 2024 წელს შეადგენდა $39.1 მლნ-ს) • ბელარუსი — $27.7 მილიონი (მატება: +$3.2 მლნ; 2024 წელს შეადგენდა $24.5 მლნ-ს) • უკრაინა — $18.2 მილიონი (მატება: +$1.5 მლნ; 2024 წელს შეადგენდა $16.7 მლნ-ს) • უზბეკეთი — $16.7 მილიონი (მატება: +$4.1 მლნ; 2024 წელს შეადგენდა $12.6 მლნ-ს) • ბალტიისპირეთი (ლატვია, ესტონეთი, ლიტვა) — $14.6 მილიონი (მატება: +$2.7 მლნ; 2024 წელს შეადგენდა $11.9 მლნ-ს) • აზერბაიჯანი — $2.3 მილიონი (მატება: +$0.2 მლნ; 2024 წელს შეადგენდა $2.1 მლნ-ს) • სხვა ქვეყნები — $21.5 მილიონი (მატება: +$5.4 მლნ; 2024 წელს შეადგენდა $16.1 მლნ-ს)
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე ჯგუფის საკონტროლო პაკეტის მფლობელი სანქცირებული ოლიგარქების — მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის „ალფა ჯგუფი“ იყო. აღნიშნულის გამო სანქციები გავრცელდა თავად Rissa Investments Limited-ზეც, რის გამოც საქართველოში კომპანიის საქმიანობა დროებით შეფერხდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნული ბრენდის გადარჩენის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება ჯგუფის აქციათა 7.73%-იანი წილი უსასყიდლოდ შეესყიდა, ხოლო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დაინიშნა.
ამ გადაწყვეტილების შედეგად, ჯგუფის სააქციო კაპიტალის ძირითადი წილები ასეა გადანაწილებული:
• Erasmony Limited („ალფა ჯგუფი“) — 49.99% • Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) — 38.48% • საქართველოს სახელმწიფო — 7.73% • ყოფილი თანამშრომლები და სხვადასხვა მცირე აქციონერი — 3.79%
2025 წლის სექტემბერში ჯგუფმა საქართველოში ახალი ჩამომსხმელი ქარხანა გახსნა, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 120 მილიონი დოლარი იყო. ახალ ქარხანას საწყის ეტაპზე წლიურად 700 მილიონ ბოთლზე მეტის წარმოება შეეძლება, ხოლო სამომავლოდ კი წლიურად 1 მილიარდ ბოთლამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ბორჯომის ჰოლდინგის მთლიანი აქტივების მოცულობაც. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფის ჯამური აქტივები 659.6 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (455.4 მლნ დოლარი) შედარებით თითქმის 45%-იან ზრდას აჩვენებს.
BM.GE
წყარო: bm.ge