
ბრიტანული ავიაკომპანიები რეისებს გააერთიანებენ, რათა საწვავის კრიზისის ფონზე ფრენები არ გადაიდოს
ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ზაფხულის სეზონზე რეისების გაერთიანების დროებითი უფლება მისცა. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება საავიაციო საწვავის ფასის მკვეთრ ზრდას უკავშირდება, ამის მიზეზი კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომია.
ახალი რეგულაციით, გადამყვანებს საშუალება ექნებათ ერთი და იმავე მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე ფრენა ერთ ხომალდზე მოაქციონ. დაუნინგ-სტრიტის გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიები აეროპორტების სლოტებს იმ შემთხვევაშიც შეინარჩუნებენ, თუ მათ დაგეგმილზე ნაკლებად გამოიყენებენ.
როგორც ირკვევა, ხელისუფლების ეს ნაბიჯი მიზნად ბოლო წუთს ფრენების გაუქმების პრევენციასა და საწვავის დაზოგვას ისახავს.
შეგახსენებთ, ირანის ომის გამო ჰორმუზის სრუტის ბლოკირება ევროპული ავიაციისთვის მწვავე ლოგისტიკურ პრობლემად იქცა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც საავიაციო საწვავის საშუალო ფასმა ბარელზე $179 შეადგინა. Ryanair-ის ხელმძღვანელმა, მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ საწვავის მაღალი ღირებულება ევროპულ ბაზარზე ბევრი კომპანიის გაკოტრების რეალურ რისკებს ქმნის.
ტრანსპორტის მდივანმა, ჰეიდი ალექსანდერმა აღნიშნა, რომ მთავრობა საწვავის მარაგებს ყოველდღიურად აკონტროლებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიწოდების დეფიციტი არ არსებობს, თუმცა პრევენციული ზომები მგზავრების ინტერესებით არის ნაკარნახევი. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ცვლილება ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს გრაფიკი წინასწარ დააზუსტონ და თითქმის ცარიელი თვითმფრინავების ფრენა თავიდან აიცილონ. Airlines UK-ის ხელმძღვანელმა, ტიმ ოლდერსლეიდმა ინიციატივას მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ ბრიტანული კომპანიები მზად არიან, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან მგზავრთა კომფორტის უზრუნველსაყოფად.