
BSP-ს ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნედლი ნავთობის მეოთხე პარტია მიიღო
კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" ინფორმაციით, 18 ნოემბერს ყულევში, SOCAR-ის შავი ზღვის ტერმინალში შემოვიდა ტანკერი MT KRITI, რომელიც ლიბიური წარმოშობის დაახლოებით 45 000 ტონა ნედლი ნავთობით იყო დატვირთული. 23 ნოემბერს მას მოჰყვა ტანკერი MT ILAN დაახლოებით 42 500 ტონა ნედლი ნავთობით. საერთო ჯამში, ეს ორი ტვირთი შეადგენს ლიბიური ნედლი ნავთობის ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის განკუთვნილ მეოთხე პარტიას, რომლის ჯამური მოცულობა დაახლოებით 87 500 ტონაა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ბოლო მიწოდების ჩათვლით, ბოლო სამი თვის განმავლობაში მიღებული ლიბიური ნედლი ნავთობის მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 352 000 ტონას მიაღწია მას შემდეგ, რაც 23 აგვისტოს ქარხანა სრულად გადავიდა არარუსული წარმოშობის ნედლეულზე. მიწოდება საერთაშორისო სავაჭრო კომპანიასთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. შესაბამისად, BSP-ს განცხადებით, ოქტომბრის ბოლოდან ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში წარმოებული ნავთობპროდუქტები სრულად აკმაყოფილებს იმპორტთან დაკავშირებულ ევროკავშირის მოთხოვნებს.
კომპანიის ინფორმაციით, ლიბიური ნავთობის მეხუთე პარტიას დეკემბერში ელიან.
BM.GE
წყარო: bm.ge