
"ბურგერ ლაიონსი" მეხუთე, ყველაზე მასშტაბურ ფილიალს ვარკეთილში გახსნის - კომპანიის გეგმები
ქართული სწრაფი კვების ბრენდი "ბურგერ ლაიონსი" მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს იწყებს და წარმოების გაფართოებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის, ნიკა სამადაშვილის განცხადებით, ბრენდის რიგით მეხუთე ფილიალი ვარკეთილში განთავსდება და განსხვავებული კონცეფციის იქნება. ამასთან ერთად, კომპანია საკუთარ საწარმოო სიმძლავრეებს ზრდის და B2B მიმართულების განვითარებას გეგმავს.
როგორც ნიკა სამადაშვილმა BMG-ის "ბიზნესის კვირეულთან" ინტერვიუში განმარტა, ახალი ობიექტის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, რისთვისაც მიწის ნაკვეთი უკვე შეძენილია.
"ეს არის ჩვენი მეხუთე, საკმაოდ მასშტაბური ფილიალი. ვფიქრობთ, რომ მისი მოცულობითა და ვიზუალით ევროპაში ბევრი ანალოგი არ უნდა მოიძებნებოდეს. პროექტი ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე განხორციელდება - მიწის ნაკვეთი უკვე შევიძინეთ და მშენებლობას დაახლოებით ერთ თვეში დავიწყებთ. ობიექტის ფართობი 700-800 კვადრატულ მეტრს შეადგენს. აქ შეიქმნება განსხვავებული გარემო, სადაც მომხმარებელს ბურგერის მირთმევასთან ერთად განსაკუთრებულ ემოციებს შევთავაზებთ", - აღნიშნავს დამფუძნებელი.
ინფრასტრუქტურულ გაფართოებასთან ერთად, "ბურგერ ლაიონსი" დიდ ყურადღებას უთმობს წარმოების სრულ ციკლს. კომპანია ადგილზე, საკუთარ საწარმოში ამზადებს პურ-ფუნთუშეულს, სოუსებსა და ხორცპროდუქტებს. სამომავლო გეგმებში კი პროდუქციის სხვა კომპანიებისთვის მიწოდებაც შედის.
"წლების განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ გვაქვს საკუთარი საცხობი, სადაც პურ-ფუნთუშეულს ვამზადებთ, ასევე ნულიდან ვაწარმოებთ ხორცპროდუქტებსა და სპეციალურ სოუსებს. პრაქტიკულად ყველაფერი ჩვენს საწარმოში, ადგილზე მზადდება და გარედან თითქმის არაფრის შესყიდვა არ გვიწევს. პირიქით, ერთ-ერთი გეგმაა, რომ "Burger Lions"-ის ბრენდით B2B მიმართულებაზეც გავიდეთ და პურ-ფუნთუშეულისა და ხორცპროდუქტების რეალიზაცია დავიწყოთ", - აცხადებს ნიკა სამადაშვილი.
ამასთან, ბრენდისთვის პრინციპულ საკითხად რჩება ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება. კომპანია უარს ამბობს იმპორტირებულ, გაყინულ პროდუქტზე და პარტნიორობას მხოლოდ ქართულ მეურნეობებთან ამჯობინებს.