
"ბურგერ ლაიონსი" საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას გეგმავს - პირველი ფილიალი დანიაში გაიხსნება
ქართული სწრაფი კვების ბრენდი "ბურგერ ლაიონსი", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ოთხი ფილიალითაა წარმოდგენილი, აქტიურად მუშაობს საზღვრებს გარეთ ექსპანსიის მიმართულებით. კომპანიის დამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის, ნიკა სამადაშვილის განცხადებით, პირველი უცხოური ფილიალის გახსნა დანიის სამეფოში იგეგმება, სადაც საორგანიზაციო და იურიდიული პროცედურები უკვე დაწყებულია.
როგორც ნიკა სამადაშვილმა BMG-ის "ბიზნესის კვირეულთან" ინტერვიუში განმარტა, ბრენდის საერთაშორისო მასშტაბზე გასვლის ამბიცია კომპანიას დაარსების პირველივე დღეებიდან ჰქონდა. მისი თქმით, უცხოურ ბაზარზე შესვლა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, თუმცა პარტნიორებთან მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა.
"რამდენიმე თვის წინ დანიაში ვიყავით, სადაც ჩვენი სახელის რეგისტრაცია დავიწყეთ უკვე, რასაც სჭირდება დაახლოებით ერთი წელი. ვფიქრობ, პროცესს დაახლოებით წლიდან ორ წლამდე დასჭირდება, რომ პირველი ფილიალი გავხსნათ დანიაში. იქ კომუნიკაციები უფრო მეტი გვაქვს და თითქმის მიღწეულია ყველანაირი შეთანხმება, უკვე საბუთების კუთხით ვალაგებთ საქმეს. დანიიდან ვიწყებთ, კი, არც მეტი, არც ნაკლები", - აღნიშნავს ნიკა სამადაშვილი.
მისივე განმარტებით, დანია მხოლოდ საწყისი წერტილია და კომპანიის გრძელვადიანი ხედვა სხვა ქვეყნებში ეტაპობრივ გაფართოებასაც მოიცავს. დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ გლობალური ბრენდის შექმნას მყარი იდეური საფუძველი სჭირდება, რაც გუნდს საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას აძლევს.
"ვერ განვითარდები, თუ თავიდანვე დიდი იდეები არ გაწუხებს თავში. პირველივე ნაბიჯებიც იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ არა უბრალოდ ქსელური გავმხდარიყავით, არამედ გვეფიქრა იმაზე, რომ გავმხდარიყავით მსოფლიო ბრენდი. ქსელურობას მალე მივაღწიეთ. რაც უფრო მეტია სურვილი, მით უფრო მალე აღწევ მინიმუმს. ვფიქრობთ, რომ არსებულ მდგომარეობას ჯერჯერობით მინიმალურად მივიჩნევთ და მსოფლიო ბრენდი უნდა გავხდეთ. ეს დროის საკითხია, უკვე დაწყებულია სხვადასხვა ქვეყანაში მოლაპარაკებები და ვცდილობთ, რომ ოპტიმალური ვარიანტი შევარჩიოთ და კარგი გადასვლა გავაკეთოთ", - აცხადებს დამფუძნებელი.