
Café Sashka - ქართული კულინარიის ახალი მისამართი ლონდონში
ლონდონის მრავალფეროვან კულინარიულ რუკაზე კიდევ ერთი ქართული სივრცე გამოჩნდა - 2026 წლის თებერვლიდან ბრიტანეთის დედაქალაქში Café Sashka ფუნქციონირებს, რომელიც სტუმრებს ქართული სამზარეულოს ტრადიციული გემოებისა და თანამედროვე ხედვის საინტერესო სინთეზს სთავაზობს.
როგორც ობიექტის მფლობელი და დირექტორი ირინა გოგოლაძე BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, პროექტის იდეა და მოსამზადებელი პროცესი გახსნამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. მისი თქმით, მთავარი ამოცანა ლონდონის მაღალ კონკურენტულ ბაზარზე ქართული კულინარიის თანამედროვე, დახვეწილი ფორმით წარმოჩენა იყო.
"მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა ბაზარზე გამოვჩნდით, Food Standards Agency-მა კვების ობიექტების შეფასების სისტემაში უმაღლესი - 5-ქულიანი შეფასება მოგვცა", - აცხადებს გოგოლაძე.
Café Sashka დაახლოებით 30 სტუმარზეა გათვლილი და ტრადიციული ქართული გემოებისა და თანამედროვე სერვისის კომბინაციას აერთიანებს. სახელწოდება მფლობელის შვილს, ალექსანდრეს უკავშირდება. როგორც ირინა გოგოლაძე განმარტავს, ინვესტიცია ძირითადად ინტერიერის დიზაინს, ტექნიკურ აღჭურვილობასა და ბრენდინგს მოხმარდა.
რესტორანში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროდუქციის ხარისხს - ობიექტი იყენებს საქართველოდან იმპორტირებულ ღვინოებს, სანელებლებსა და ტრადიციულ პროდუქტებს, პარალელურად კი ადგილობრივ, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებსაც.
"ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ავთენტური გემო, ამიტომ ვიყენებთ როგორც იმპორტირებულ ქართულ პროდუქტებს, ასევე ადგილობრივ, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს. ეს კომბინაცია გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ ქართული ხასიათი და ამავდროულად დავაკმაყოფილოთ ლონდონის სტანდარტები", - ამბობს ირინა გოგოლაძე.
რაც შეეხება ფასებს, Café Sashka ლონდონის საშუალო სეგმენტზეა ორიენტირებული - ერთი სტუმრის საშუალო დანახარჯი დაახლოებით £30–£40-ს შეადგენს. მენეჯმენტის შეფასებით, მოთხოვნა სტაბილურად მოდის როგორც ქართველ, ისე ბრიტანელ სტუმრებზე, თუმცა განსაკუთრებით იზრდება ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესი ქართული სამზარეულოს მიმართ.
"ლონდონი ძალიან კონკურენტული ბაზარია, თუმცა ქართული სამზარეულო ჯერ კიდევ ნაკლებად არის წარმოდგენილი თანამედროვე, პრემიუმ ფორმატში", - აღნიშნავს გოგოლაძე.
Café Sashka გეგმავს თემატური საღამოებისა და დეგუსტაციების ჩატარებას, ხოლო გაფართოების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, რაც არსებული სტანდარტები სრულად გამყარდება.
BM.GE
წყარო: bm.ge