
ჩაის წარმოების გაფართოება, მცირე საწარმო და ექსპორტი ბულგარეთში - რა გეგმები აქვს ეკოსასტუმრო "მელაანს"?
კახეთში, სოფელ მელაანში მდებარე საოჯახო ტიპის ეკო-ვინტაჟური სასტუმრო "მელაანი" საქმიანობას აფართოებს და ტურიზმთან ერთად აგრო-ინდუსტრიულ მიმართულებასაც აძლიერებს. როგორც სასტუმროს დამფუძნებელმა თეო თაბორიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, პროექტი, რომელიც თავდაპირველად ტურისტულ სერვისებზე იყო ორიენტირებული, ახლა აქტიურად ავითარებს ჩაის წარმოებას და უახლოეს პერიოდში მცირე ეკომეგობრული საწარმოს ამუშავებას გეგმავს.
თაბორიძის თქმით, ახალი საწარმო ევროკავშირის დაფინანსებით მიღებული გრანტის ფარგლებში იქმნება, რომელსაც საქართველოში World Vision ახორციელებს. როგორც ის ამბობს, მისი მიზანია ენერგოეფექტური და ეკომეგობრული მცირე საწარმოს შექმნა, რომელიც გააერთიანებს როგორც წარმოების, ასევე სადეგუსტაციო და საგანმანათლებლო სივრცეებს.
„ალბათ, სექტემბრისთვის უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ საწარმო გავხსნათ. ეს იქნება არა მხოლოდ წარმოების სივრცე, არამედ ადგილი, სადაც ტურისტები და დაინტერესებული ადამიანები პროცესს პირდაპირ გაეცნობიან“, - აღნიშნა თაბორიძემ.
პროექტი დასაქმების ზრდასაც უკავშირდება. მისი ინფორმაციით, თუ წინა წლებში ჩაის შეგროვების პროცესში სეზონურად 6–7 ადამიანი იყო ჩართული, მიმდინარე სეზონზე მათი რაოდენობა დაახლოებით 10-მდე გაიზრდება.
„თუ წინა წელს, მაგალითად, სეზონურად 6-7 შემგროვებელი გვყავდა, წელს 10-მდე გაიზრდება რაოდენობა, რაც ძალიან სასიამოვნოა ადგილობრივებისთვისაც. მით უმეტეს რომ, ჩვენი ჩაის წარმოება, ორ სოფელს აერთიანებს. ერთი მიმართულება მელაანია, რომელიც არის მთავარი ბაზა, სადაც ჩაი შეიქმნა, განვითარდა და დღესაც წარმოების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აქვე ვმასპინძლობთ ტურისტებს და ვთავაზობთ ტურებსაც. მეორე მიმართულება ახმეტის მუნიციპალიტეტია, სადაც რამდენიმე წელია ვცხოვრობ და სადაც ასევე ვაფართოებთ ჩაის წარმოებას. აქაც ვგეგმავთ ტურების შეთავაზებას სტუმრებისთვის და საწარმოს განვითარებას. საბოლოოდ, ეს მცირე ბიზნესი ორი სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას და ხელს უწყობს დასაქმებას“, - ამბობს ის.
თაბორიძის თქმით, კომპანიას ექსპორტის მიმართულებითაც აქვს სიახლეები. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორთან და წლის ბოლომდე იგეგმება ქართული ჩაის გატანა ბულგარეთის ბაზარზე.
„აქტიურად გვაქვს დაწყებული მოლაპარაკებები ექსპორტის მიმართულებით. უკვე გვყავს ერთი პოტენციური პარტნიორი, რომელიც ჩვენს ჩაის შეფუთული სახით გაიტანს და ბრენდინგზეც იმუშავებს. ასევე ინტერესია ნედლი პროდუქციის მიმართ, მათ შორის სააფთიაქო მიმართულებისთვისაც“, - განაცხადა თაბორიძემ.
ცნობისთვის, ეკოპრინციპებზე აგებული საოჯახო კომპლექსი „მელაანი“ სტუმრებს სასტუმროს მომსახურებას, კვებას, დეგუსტაცია-მასტერკლასებსა და ტურებს სთავაზობს. პროექტი თავდაპირველად ნულოვანი ინვესტიციით დაიწყო, მოგვიანებით კი დაფინანსება მოიპოვა Enterprise Georgia-ს პროგრამის ფარგლებში.
BM.GE
წყარო: bm.ge