
ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ორმხრივ ურთიერთობებს გააღრმავებენ
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ფხენიანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. არსებული ინფორმაციით, მხარეებმა მაღალი დონის პარტნიორობისა და პოლიტიკური კავშირების გაღრმავების შესახებ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის მიერ წლის პირველი სახელმწიფო ვიზიტისთვის ფხენიანის შერჩევა ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე მეგობრობის გამოვლინება და დიდი პატივია. თავის მხრივ, სი ძინპინმა ჩრდილოეთ კორეასთან საერთო ისტორიულ კავშირებზე ისაუბრა და მეზობელ ქვეყანას ჩინეთის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი უწოდა.
ფხენიანში გამართული მოლაპარაკებებისას კიმ ჩენ ინმა პეკინის მიერ ინიციირებული "ერთი ჩინეთის" პრინციპის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.
ოფიციალურ შეხვედრებს ჩინეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებიც ესწრებოდნენ. ლიდერებმა სახელმწიფოებს შორის გაფორმებული თავდაცვის პაქტის სამოცდამეხუთე წლისთავი აღნიშნეს, თუმცა ამ მხრივ ახალი გარიგება არ დადებულა.
შეგახსენებთ, სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეას 2019 წლის შემდეგ პირველად ეწვია. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო სანქციების ფონზე, ეს ვიზიტი კიმ ჩენ ინისთვის გავლენიანი პოლიტიკური მოკავშირეების დემონსტრირების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.
BM.GE
წყარო: bm.ge