
"ჩინეთის კარი ამერიკული ტექ-კომპანიებისთვის კიდევ უფრო გაიღება" - სი ძინპინი
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ქვეყანაში ჩასულ ამერიკელ ბიზნესმენებს შეხვდა. ოფიციალურ მიღებაზე მან განაცხადა, რომ ამერიკული ბიზნესისთვის ჩინეთის კარი კიდევ უფრო ფართოდ გაიღება.
როგორც ირკვევა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერს დელეგაციის წევრები, მათ შორის Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი, Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი და Apple-ის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი სათითაოდ წარუდგინა. თავის მხრივ, ამერიკელმა ბიზნესმენებმა ჩინეთის ბაზრის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა თეთრმა სახლმაც დაადასტურა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ბაზრებზე ამერიკული კომპანიების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ჩინური ინვესტიციების გაფართოების საკითხები განიხილეს.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობამ კომპანია Nvidia-ს ჩინური ბაზრისთვის H200 მოდელის მიკროჩიპების მიწოდების ნებართვა მისცა. საყურადღებოა, რომ დასახელებულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისაგან Nvidia-ს ხელმძღვანელმა ჯენსენ ჰუანგმა თავი შეიკავა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ პეკინში გამართული შეხვედრა პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა.
ანალიტიკური ორგანიზაციის The Asia Group წარმომადგენელმა ჯორჯ ჩენმა განმარტა, რომ ჩინეთის ლიდერის სიტყვები მხოლოდ პროპაგანდა არ არის. მისი თქმით, გლობალური კაპიტალის მოსაზიდად ქვეყანას ეკონომიკური მიმზიდველობის შენარჩუნება რეალურად სჭირდება.
BM.GE
წყარო: bm.ge