
ჩინეთის საწარმოო ინდექსი კრიტიკულ ზღვარზეა
ჩინეთის დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში აქტივობის ზრდა მიმდინარე წლის მაისში პრაქტიკულად შეჩერდა. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროსა ოფიციალური მონაცემებით, მწარმოებელთა ინდექსი (PMI) აპრილთან შედარებით 0.3 პუნქტით შემცირდა და ზუსტად 50-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალია და ზუსტად ემთხვევა ზღვარს, რომელიც სექტორის ზრდას რეცესიისგან ყოფს.
როგორც ირკვევა, ახალი შეკვეთების მაჩვენებელი 49.9-მდე შემცირდა და ვარდნის ზონაში გადავიდა, წარმოების დონემ კი 51.2 შეადგინა. ამასთან, მაღალტექნოლოგიური წარმოების მიმართულებით ინდექსი 52.9-მდე გაიზარდა.
ექსპერტების შეფასებით, ნეგატიური ტენდენცია დიდწილად ირანის ომით გამოწვეულ გლობალურ გამოწვევებსა და შიდა ბაზარზე არსებულ სუსტ მოთხოვნას უკავშირდება.
ამასთან, ჩინეთის ეკონომიკის მთავარ პრობლემად ისევ უძრავი ქონების ბაზრის მრავალწლიანი კრიზისი და შიდა მოთხოვნის კლება რჩება. შიდა მოხმარების მკვეთრი შემცირების გამო, HSBC-მა ჩინეთის საცალო გაყიდვების ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.2%-იდან 2.8%-მდე შეამცირა.
რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, აშშ-ში ჩინური პროდუქციის ექსპორტი ბოლო თვეების განმავლობაში მცირდება, თუმცა ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით გაყიდვები სტაბილურად მაღალია. პარალელურად, ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში გარკვეული ოპტიმიზმი გაჩნდა მას შემდეგ, რაც მაისის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს პეკინში შეხვდნენ.