
ჩინეთმა ტვინის პირველი იმპლანტი კომერციული გამოყენებისთვის დაამტკიცა
ჩინეთის მარეგულირებელმა ე.წ "ტვინი-კომპიუტერის" პირველი ინვაზიური ინტერფეისი, იგივე იმპლანტი კომერციული მიზნებისთვის დაამტკიცა. შანხაიში ტექნოლოგიის განვითარების დასაჩქარებლად სამი ახალი კვლევითი ცენტრი უკვე გაიხსნა.
მოწყობილობა, რომელიც NEO სისტემის სახელითაა ცნობილი, შანხაიში ბაზირებულმა კომპანიამ, Neuracle Medical Technology-მ შექმნა. 13 მარტს ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების ეროვნულმა ადმინისტრაციამ მას III კლასის სამედიცინო მოწყობილობის სერტიფიკატი (ქვეყანაში უმაღლესი მარეგულირებელი კლასიფიკაცია) მიანიჭა, რითაც მისი კლინიკური გამოყენება დაუშვა.
სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ კისრის მალების დაზიანებით გამოწვეული კვადრიპლეგიის (ოთხივე კიდურის დამბლა) მქონე პაციენტებს ხელის შეზღუდული ფუნქციის აღდგენაში დაეხმაროს. ის აერთიანებს იმპლანტირებულ ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისს (BCI), იმპლანტირებად EEG ელექტროდების ნაკრებსა და პმევმატურ რობოტულ ხელთათმანს, რომელიც პაციენტს ნივთების ჩაჭიდებაში ეხმარება.
36 მონაწილეზე ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, ხელის ჩაჭიდების უნარის გაუმჯობესება ყველა პაციენტში აღინიშნა. მკვლევრებმა ზოგიერთ შემთხვევაში ნერვული რემოდელირების (ნეიროპლასტიკურობა) ნიშნებიც შენიშნეს, რაც მიანიშნებს, რომ ტექნოლოგიამ შესაძლოა ხელი დამატებითი ნევროლოგიური ფუნქციების აღდგენის სტიმულირებას შეუწყოს.
სისტემა მოძრაობასთან დაკავშირებული ნერვული სიგნალების წაკითხვით მუშაობს. როდესაც პაციენტი ხელის ამოძრავებაზე ფიქრობს, ტვინთან ახლოს ჩანერგილი სენსორები ამ სიგნალებს აფიქსირებენ და რობოტულ ხელთათმანს უსადენოდ გადასცემენ, რომელიც თავის მხრივ პაციენტის თითებს ამოძრავებს, რათა მან საგანი აიღოს ან დადოს.
მოწყობილობა განკუთვნილია 18-დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, რომლებსაც C2-დან C6-მდე მალების მიდამოში ზურგის ტვინის დაზიანების გამო კვადრიპლეგია აღენიშნებათ. პროგრამაში ჩასართავად პაციენტს არ უნდა შეეძლოს საგნების ხელით აღება, თუმცა შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს მხრის ზედა ნაწილის გარკვეული ფუნქციები.
Neuracle-ის ინჟინერმა, ძენგ იუჰანგმა შანხაურ მედიასაშუალება The Paper-ს განუცხადა, რომ ჩანერგილი სენსორები დაახლოებით მონეტის ზომისაა. მოწყობილობა ეპიდურალური იმპლანტაციის მიდგომას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ტვინის დამცავი გარსის ზემოთ თავსდება. ეს ამცირებს ტვინის ქსოვილის დაზიანების რისკს და ამავდროულად ინარჩუნებს სიგნალის ხარისხს.
სისტემა ასევე უელემენტოა. მაგნიტური კოჭა იმპლანტს ენერგიით უსადენოდ კვებავს, რაც პაციენტს მოწყობილობის დასატენად მისი მოხსნის ვალდებულებისგან ათავისუფლებს. ოპერაციიდან დაახლოებით ერთ თვეში პაციენტებს სისტემის დამოუკიდებლად, სახლის პირობებში მართვა შეუძლიათ.
BM.GE
წყარო: bm.ge