მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩვენ გიდად აგვყავს ვინმე მუჰამედი...აქ აიყვანენ ვაჟას" - როგორ უნდა დარეგულირდეს გიდის სერვისი?|გიდი
"ჩვენ გიდად აგვყავს ვინმე მუჰამედი...აქ აიყვანენ ვაჟას" - როგორ უნდა დარეგულირდეს გიდის სერვისი?|გიდი

"ჩვენ გიდად აგვყავს ვინმე მუჰამედი...აქ აიყვანენ ვაჟას" - როგორ უნდა დარეგულირდეს გიდის სერვისი?|გიდი

BM.GE4 მაისი, 2026, 22:44|bm.ge

ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორი და ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი უცხოელებისთვის გიდად მუშაობის რეგულირების მომხრეა, მაგრამ მიიჩნევს, რომ კანონი ტურიზმის ინდუსტრიის და მთლიანობაში, ქვეყნის ტურისტული იმიჯის გაუარესების ბარიერად არ უნდა იქცეს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. ინტერვიუს მთავარი თემა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მენეჯმენტსა და საქართველოში მოქმედი გიდების ოთხი ასოციაციისა და პროფკავშირების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა იყო, სადაც „შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებისა და აღსრულების მექანიზმის შესახებ იმსჯელეს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ გიდებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო ამ ეტაპზე, უცხოელი გიდების კვოტირებას არ საჭიროებს.

საქმე ის არის, რომ 1-ელი მაისიდან საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა და უცხოელები, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა ან მუდმივი ბინადრობის უფლება, კულტურულ გიდებად ვეღარ იმუშავებენ. შეზღუდვები არ ვრცელდება მთის, სათხილამურო და ალპურ გიდებზე. მათთვის განსაზღვრულია ცალკე კვოტა - წელიწადში 200 ადამიანი. გიდების მსგავსად, საქართველოში უცხოელებს კურიერებად და ტაქსისტებად მუშაობაც აეკრძალა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ირწმუნება, რომ შეზღუდვა ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვის მიზნით შემოიღო. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, გიდების ნაწილი ითხოვდა უცხოელებისთვის ამ სფეროში მუშაობის აკრძალვას - ზოგი იმ მიზეზით, რომ უცხოელი საქართველოს ისტორიას სწორად ვერ უყვებოდა ტურისტს, ზოგიერთი კი უცხოელ გიდს კონკურენტად აღიქვამდა, რომელიც თან გადასახადებსაც არ იხდის.

ლაშა ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ კანონის მიზანი სწორია, თუმცა მისი აღსრულების ვადები და ფორმა კითხვის ნიშნებს ბადებს. მისი თქმით, უცხოელი გიდების აკრძალვის რეგულაცია დღესვე კი არ უნდა ამოქმედებულიყო, არამედ - 2-3 წლის გადავადებით, რადგან მისი აზრით, ბაზარი რეგულაციისთვის მომზადებული არ არის.

ამდენად, გიდის ხედვით, ჯერ უნდა მომხდარიყო გიდების აღრიცხვა/რეგისტრაცია, შემდეგ იშვიათი ენების მიმართულებით კადრების გადამზადება და მხოლოდ ამის შემდეგ - სრული აკრძალვა.

„პირველი პრობლემა ინფორმაციული ვაკუუმია. დღეს, როდესაც უცხოელ გიდებს საქართველოში ოპერირება უკვე ეკრძალებათ, ჩვენ რეალურად არ ვიცით, რამდენი რეგისტრირებული გიდი გვყავს ქვეყანაში. რაც მთავარია, არ გვაქვს სტატისტიკა ენობრივი ჯგუფების მიხედვით. არსებობს სპეციფიკური მიმართულებები - მაგალითად: ივრითული, არაბული, პოლონური, გერმანული და ჩინური ენები, სადაც გიდების აშკარა დეფიციტია, თუმცა სახელმწიფო უწყებები ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებენ.

ტურიზმის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ვითხოვე ზუსტი მონაცემები, თუმცა პასუხი ვერ მივიღე... ჩემი დაკვირვებით, კომპეტენტურმა ორგანოებმა თავადაც არ იციან, კონკრეტულად რამდენი რა ენოვანი გიდი ჰყავთ. ეს ყველაფერი ბადებს პრაქტიკულ საფრთხეს: თუ გვაქვს ივრითულენოვანი გიდების დანაკლისი, ებრაულ კომპანიებს კი თვეში 100 ტურის შემოყვანა სურთ, გვყავს კი საქართველოში 100 ადგილობრივი სპეციალისტი, რომელიც ამ მოთხოვნას უპასუხებს?!“ - აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი.

ცნობისთვის: ლაშა ბერეკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, bm.ge-ს ტურიზმის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის 580 გიდია რეგისტრირებული, მაგრამ რამდენი - რა ენოვანია, არ დაუკონკრეტებიათ. ჯერჯერობით, არც გიდების სერტიფიცირების პროცესი დაწყებულა.

„ჯესიკას ქეისი“: „რატომ ვებრძვით მათ, ვისაც ქვეყანაში დოვლათი შემოაქვს?“

ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორის აზრით, სახელმწიფომ აქცენტები არასწორად დასვა იმ მიმართულებითაც, რომ კანონი იმ ადამიანებს უქმნის ბარიერს, ვისაც ქვეყანაში დოვლათი შემოაქვს, მაშინ როცა რეალური პრობლემა ჩრდილში რჩება.

„მაგალითისთვის რომ ავიღოთ: თუ პოლონელ ტურ-ლიდერს, პირობითად ჯესიკას, საქართველოში თვეში ერთი ჯგუფი შემოჰყავს, ჩვენ მას მუშაობა კი არ უნდა ავუკრძალოთ და ბარიერები კი არ უნდა დავუწესოთ, არამედ პირიქით - ლეგალიზაციის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. სწორი მიდგომა იქნებოდა, მას შეძლებოდა ოფიციალურად დარეგისტრირება და სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმება. ეს მისცემდა მას საშუალებას, მომავალშიც თავად მოემსახუროს საკუთარ ჯგუფებს, ოღონდ უკვე საქართველოს კანონმდებლობისა და სტანდარტების დაცვით“, - განმარტავს ის.

ლაშა ბერეკაშვილი დასძენს, რომ ასეთ ადამიანებს ქვეყანაში „მზა“ ტურისტული ნაკადები შემოჰყავთ, რაც ნიშნავს დატვირთულ სასტუმროებს, რესტორნებსა და მუზეუმებს. მათი შეზღუდვით ქვეყანა პირდაპირ ფინანსურ ზარალს ნახულობს.

რეალური საფრთხე: არალეგალი უცხოელი გიდები ადგილობრივ ბაზარზე

„წერტილთან“ ინტერვიუში ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ რეალურად, ქართველ გიდებს შემოსავალს ართმევს და ბაზარს აფუჭებს მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე მუშაობენ.

„ეს კანონი მკაცრად უნდა მოქმედებდეს მათზე, ვინც აქ ცხოვრობს უკანონოდ, არალეგალად და ეწევა ტურისტულ საქმიანობას ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. სწორედ ისინი წარმოადგენენ არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ადგილობრივი პროფესიონალებისთვის და არა ის ტურ-ლიდერები, რომლებიც სამ თვეში ერთხელ შემოიყვანენ ჯგუფს და თავად მოემსახურებიან“, - აღნიშნა მან.

საერთაშორისო გამოცდილება და „ფორმალური გიდის“ პრაქტიკა

ლაშა ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ აკრძალვით საქართველოს ისტორიის დამახინჯების პრობლემა არ გვარდება და საზღვარგარეთ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა:

„საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მსგავსი აკრძალვები ხშირად მხოლოდ ფასადურ ხასიათს ატარებს. მაგალითად, როდესაც ჩვენ ჩაგვყავს ჯგუფები საზღვარგარეთ, კანონის მოთხოვნის გამო ფორმალურად აგვყავს ადგილობრივი გიდი (პირობითად, მუჰამედი), რომელიც უბრალოდ ზის ავტობუსში. თითქოს სახელმწიფო ამით აგვარებს ადგილობრივის დასაქმების საკითხს, მაგრამ ინფორმაციის გადაცემის ნაწილში არაფერი იცვლება... ეს არის საკუთარი თავის მოტყუება.

რა სურათს მივიღებთ საქართველოში? - რეალურად აიყვანს არაბულენოვანი კომპანია ფორმალურად ვინმე ვაჟას, რომელიც იქნება რეგისტრირებული, მაგრამ არ იცოდეს ენა. ის უბრალოდ გაჰყვება ჯგუფს, რომ არ დაჯარიმდეს, ხოლო უცხოელი ტურ-ლიდერი თავის ენაზე მაინც იმას მოუყვება, რასაც აქამდე უყვებოდა“.

როგორ უნდა დარეგულირდეს უცხოელი გიდების დასაქმება? | ერთი გიდის მოსაზრება

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პროცესი შემდეგნაირად უნდა წარიმართოს:

• აღრიცხვა: კომპეტენტურმა და ნეიტრალურმა ორგანომ უნდა აღრიცხოს გიდების რეალური რაოდენობა; • სერტიფიცირება: უნდა მოხდეს გიდების მათი სერტიფიცირება ენობრივი კომპეტენციის მიხედვით; • ანალიზი: მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს სახელმწიფომ გადაწყვეტილება აკრძალვაზე ან შეზღუდვების შერბილებაზე იმ ენებთან მიმართებით, სადაც ჩავარდნა არსებობს.

„მხოლოდ ასეთი სისტემური მიდგომით ავიცილებთ თავიდან ტურისტული ნაკადების შეფერხებას და დავიცავთ ბაზარს ისე, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ დაზარალდეს...“, - აღნიშნა ლაშა ბერეკაშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ვენახის ნებართვა არ არის მხოლოდ საქართველოში და აქ მოგონილი" - დავით სონღულაშვილი

"ვენახის ნებართვა არ არის მხოლოდ საქართველოში და აქ მოგონილი" - დავით სონღულაშვილი

BM.GE

OpenAI-ის ფინანსური დირექტორი IPO-ს გადავადებას ითხოვს

OpenAI-ის ფინანსური დირექტორი IPO-ს გადავადებას ითხოვს

BM.GE

2026 წლის მონაცემებით WNBA-ის გუნდების ღირებულება გაიზარდა

2026 წლის მონაცემებით WNBA-ის გუნდების ღირებულება გაიზარდა

BM.GE

რამდენი მილიარდის ანაზღაურებას იღებს ილონ მასკი Tesla-ში?

რამდენი მილიარდის ანაზღაურებას იღებს ილონ მასკი Tesla-ში?

BM.GE