
ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი - ირაკლი კობახიძე ოპტიმიზაციაზე
მსხვილ სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის „საქართველოს რკინიგზასა“ და ენერგეტიკულ სექტორში, აქამდე „არასწორი პრაქტიკა“ იყო ჩამოყალიბებული - ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერი თქმით, მმართველმა გუნდმა ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი შეცვალა, ახალი მენეჯმენტის მიერ გატარებული მასშტაბური ოპტიმიზაციის შედეგად კი ბიუჯეტი ყოველწლიურად დაახლოებით 60 მილიონ ლარს დაზოგავს.
"ძირითადად ისინი იყვნენ დასაქმებული სახელმწიფო საწარმოებში. მათ შორის იყო რკინიგზა, ენერგეტიკა და სხვა. იყო ოპტიმიზაციის სრული შესაძლებლობა და ყველაფერი გაკეთდა თანხების დაზოგვისთვის. მთლიანობაში, დაახლოებით 60 მილიონი ლარი იზოგება ყოველწლიურ ჭრილში. არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ეს არასწორი პრაქტიკა, შეიცვალა სწორი პრაქტიკით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა შესაბამისი სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელს. ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რომელიც ბიუჯეტს უზოგავს 60 მილიონ ლარს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, კობახიძემ 23 ივნისს თქვა, რომ 2025 წლიდან განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად ჯამურმა დანაზოგმა 845 მილიონ ლარს მიაღწია.
„მათ შორის, 2 422 საშტატო ერთეულის ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა წლიურმა დანაზოგმა 60 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან, სხვადასხვა პროექტების, სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელშეკრულებო პირობების გადახედვის შედეგად, დამატებით 785 მილიონი ლარის ეკონომია გახდა შესაძლებელი“.
bm.ge გთავაზობთ სახელმწიფო საწარმოების ჩამონათვალს, სადაც 2025 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელმძღვანელები შეიცვალა
• საქართველოს რკინიგზა - 7 მაისს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი შეიცვალა, ამ პოსტზე დავით ფერაძე, რომელიც კომპანიას ბოლო 7 წლის განმავლობაში მართავდა, ლაშა აბაშიძემ შეცვალა; • საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 16 ივლისს "პირადი განცხადების საფუძველზე" თანამდებობა დატოვა გიორგი ჩიქოვანმა. ის ეკატერინე სისაურმა ჩაანაცვლა; • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 16 აპრილს ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი გახდა. მან გიორგი გიგინეიშვილი შეცვალა, რომელიც პოსტს 2023 წლიდან იკავებდა; • ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) - ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა დვალიშვილი 15 ივლისს თორნიკე ყაზარაშვილმა ჩაანაცვლა; • გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - კომპანიის დირექტორი წელს ორჯერ შეიცვალა. პირველი ცვლილებით თანამდებობას ვაკის ყოფილი გამგებელი, დავით კვინიკაძე იკავებდა, რომელიც თითქმის 5 თვის წინ, მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში დაინიშნა. 28 აგვისტოს ცვლილების შედეგად კი, კომპანიას გიორგი შონია უხელმძღვანელებს; • გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო - დირექტორად მამუკა მენაღარიშვილი 6 მაისს დაინიშნა. იქამდე თანამდებობას ბაჩანა სულაძე იკავებდა; • საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი - ხელმძღვანელი 16 აპრილს ვლადიმერ ძნელაძე გახდა. მან ჯაბა ხმალაძე ჩაანაცვლა. • საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია - 1-ელ სექტემბერს კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინეს, რომელიც 2022 წლიდან სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა; • საქართველოს ფოსტა - 1-ელ სექტემბერს დირექტორის პოზიციაზე ლევან ჩიკვაიძე გიორგი ერაძემ შეცვალა; • საქართველოს მელიორაცია - ახალი გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი 18 მარტს დაინიშნა. იქამდე პოსტს თამაზ მღებრიშვილი იკავებდა.