
"ჩვენი სფეროს მონიტორინგი, ალბათ, კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებაში გადავა" - GDBA-ს მოლოდინი ფასების კომისიის დასკვნაზე
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს ფასების საპარლამენტო კომისია, ჯერჯერობით, ინფორმირებული არ არის.
როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, სავარაუდოდ, სფეროს მონიტორინგი კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში გადავა.
"ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გარკვეული ტიპის კომუნიკაცია გვქონდა, უბრალოდ დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობთ, რა რეგულაცია გვექნება ზუსტად და რა ტიპის ნორმები დადგინდება მონიტორინგის კუთხით, მათ შორის. იმიტომ, რომ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში გადავა ალბათ ჩვენი სფეროს მონიტორინგი. ვიცით, რომ გარკვეული ჩარჩო დოკუმენტი უნდა მივიღოთ, რომელიც ამ ურთიერთობებში სამართლიანი თამაშის წესებს დაადგენს, როგორც, პირობითად გვაქვს ჩვენ ევროკავშირის დირექტივა, რომელიც ყველა მის წევრ ქვეყანას ავალდებულებს, მიიღოს მსგავსი ტიპის დოკუმენტი. უბრალოდ, ამ ეტაპისთვის ჩვენ კონკრეტული დეტალები არ ვიცით, რომ კონკრეტული შეფასება გავაკეთოთ, რამდენად საკმარისი იქნება ეს და თუ რამდენად დადებითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს. ზოგადად, აღნიშნული დოკუმენტი ყველგან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში - ყველა განვითარებულ ქვეყანაში ერთ მიზანს ემსახურება, რომ სამართლიანი თამაშის წესები შექმნას, გაზარდოს კონკურენცია და ამ ყველაფერმა ფასის სტაბილურობის მხრივ გრძელვადიან პერსპექტივაში, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს, ამას უახლოესი პერსპექტივა მაინც ვერ ექნება", - ამბობს ლაშა რიჟამაძე.
დღეს, 11 საათზე საკანონმდებლო ორგანოში "ფასების საპარლამენტო კომისიის" სხდომა გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ფასების სამთავრობო კომისიის შექმნის შემდეგ, პრემიერის დავალებით პარლამენტში დროებითი კომისია თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, კომისიაზე უკვე მოუსმინეს მწარმოებლებს, რიტეილ სექტორის, სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიებისა და ნავთობიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.