
ჩვენს ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია, ვცდილობთ ჩინეთის ბაზარიც დავიმატოთ - "ვილა მოსავალი"
"ვილა მოსავლის" ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია, - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განუცხადა. მისი თქმით, მათ ღვინოებს წელს ახალი საექსპორტო ბაზრებიც დაემატა, მათ შორისაა ნორვეგია.
"ექსპორტი და მოთხოვნა ჩვენს ღვინოზე გაზრდილია, საკმაოდ კარგი მოსავალიც გვაქვს. მარკეტინგული თვალსაზრისითაც ყურადღებას არ ვაკლებთ, რომ ჩვენი ღვინის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად აქტიური იყოს. შესაბამისად, გაყიდვები გაზრდილია და მოლოდინიც გვაქვს, რომ კიდევ რამდენიმე მიმართულებით განვითარდება ბაზარი. ახლა ძირითადად ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში გავდივართ. რამდენიმე ქვეყანა უკვე დაემატა. მათ შორის ნორვეგია. ასევე, გერმანიასთან ბოლო პერიოდში აქტიურად ვთანამშრომლობთ. გარდა ამისა, ვცდილობთ, რომ აზიის მიმართულებით ჩინეთის ბაზართან გვქონდეს კომუნიკაცია და დავიმატოთ ეს ბაზარიც", - განაცხადა ნიკოლოზ შეყრილაძემ.
ცნობისთვის, "ვილა მოსავლის" ღვინოები ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე გადის. კომპანია, რომელიც ოფიციალურად 2018 წლიდან ამოქმედდა, აქტიურად ექსპორტზე 2021 წლიდან გავიდა.
აღსანიშნავია, რომ „ვილა მოსავალი“ კახეთში, ქართლსა და იმერეთში 110 ჰა-ზე გაშენებულ ვენახებს მართავს და წლიურად მისი წარმადობა 150 000 ბოთლი ღვინის წარმოებაა. კითხვაზე, იგეგმება თუ არა ვენახების გაფართოება, ნიკოლოზ შეყრილაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ გეგმავენ და ამის მიზეზი ჭარბი მოსავალია.
"ისედაც ჭარბი მოსავალი გვაქვს ხოლმე და ჩვენი ვენახების გაფართოებას არ ვგეგმავთ. ამიტომ, მოსავლის ნაწილს, როგორც ყურძენს, ისე ვყიდით. რაც ჩვენი წარმოებისთვის არ გვჭირდება და ზედმეტია, რა თქმა უნდა, ვაბარებთ", - განაცხადა "ვილა მოსავლის" გენერალურმა მენეჯერმა Bm.ge-სთან ინტერვიუში.
BM.GE
წყარო: bm.ge