
CNN: ესპანეთთან ჩაძირულ რუსულ გემს ბირთვული რეაქტორები, სავარაუდოდ, ჩრდ. კორეისთვის გადაჰქონდა
რუსულ სატვირთო გემს, Ursa Major-ს, რომელიც 2024 წლის დეკემბერში ესპანეთის სანაპიროსთან ჩაიძირა, სავარაუდოდ, წყალქვეშა ნავის ორი ბირთვული რეაქტორი გადაჰქონდა და, მიიჩნევა, რომ ის ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
2024 წლის 23 დეკემბერს გემის ჩაძირვის შემდეგ Ursa Major-ის უჩვეულო ბედი საიდუმლოებით იყო მოცული. თუმცა, CNN-ის ვარაუდით, მოვლენათა ჯაჭვი მიანიშნებს დასავლური სამხედრო ძალების იშვიათ ინტერვენციაზე, რომლის მიზანიც რუსეთის მიერ თავისი მთავარი მოკავშირისთვის - ჩრდილოეთ კორეისთვის მოწინავე ბირთვული ტექნოლოგიების გადაცემის აღკვეთა იყო.
გემი ზღვაში ზუსტად ორ თვეში გავიდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდასაჭერად რუსეთში ჯარები გაგზავნა.
საჯაროდ ხელმისაწვდომი ფრენების მონაცემების მიხედვით, აშშ-ის სპეციალიზებულმა თვითმფრინავებმა, რომლებიც ბირთვული აფეთქებების აღმოსაჩენად და იდენტიფიცირებისთვის ატმოსფერულ ნიმუშებს აგროვებენ, გასული წლის განმავლობაში ჩაძირვის ადგილს ორჯერ გადაუფრინეს.
ესპანურ გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ჩაძირვიდან ერთი კვირის შემდეგ ნამსხვრევები რუსულმა ჯაშუშურმა გემმა მოინახულა, რის შემდეგაც ოთხი ახალი აფეთქება მოხდა.
ესპანეთის მთავრობა ინციდენტზე საჯარო კომენტარებისგან დიდწილად თავს იკავებს და მხოლოდ 23 თებერვალს, ოპოზიციის ზეწოლის შედეგად, მოკლე განცხადებით შემოიფარგლა. განცხადებამ დაადასტურა, რომ რუსი კაპიტნის ცნობით, Ursa Major-ს წყალქვეშა ნავებში გამოყენებული რეაქტორების მსგავსი ორი ბირთვული რეაქტორის კომპონენტები გადაჰქონდა.
მოვლენების თანმიმდევრობა, რამაც ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვა გამოიწვია, კვლავ გაურკვეველია. ესპანური გამოძიების თანახმად, კორპუსის გასარღვევად შესაძლოა იშვიათი ტიპის ტორპედო გამოიყენეს.
Ursa Major-ი ფინეთის ყურეში, რუსეთის პორტ უსტ-ლუგაში 2 დეკემბერს შევიდა, რის შემდეგაც სანქტ-პეტერბურგის საკონტეინერო ტერმინალში გადაინაცვლა. გემი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ვლადივოსტოკში მიემართებოდა. მან პორტი 11 დეკემბერს დატოვა და, გავრცელებული ცნობებით, ორი დიდი ლიუკი, 129 ცარიელი კონტეინერი და Liebherr-ის ორი დიდი ამწე გადაჰქონდა.
გემმა საფრანგეთის სანაპიროს გასწვრივ იცურა, რის შემდეგაც პორტუგალიის წყლებში მას პორტუგალიის საზღვაო ძალების თვითმფრინავები და გემები უთვალთვალებდნენ.
ესპანეთის მთავრობის გამოძიების თანახმად, დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ, ესპანეთის წყლებში, გემმა მკვეთრად შეამცირა სიჩქარე, რის გამოც ესპანეთის სამაშველო სამსახურები დაუკავშირდნენ ეკიპაჟს და ჰკითხეს, ხომ არ იმყოფებოდნენ განსაცდელში. გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟმა უპასუხა, რომ ყველაფერი რიგზე იყო.
თუმცა, გამოძიების ცნობით, დაახლოებით 24 საათის შემდეგ გემმა მოულოდნელად გადაუხვია კურსიდან და დახმარების სიგნალი გაგზავნა. მარჯვენა ბორტზე, სავარაუდოდ ძრავის განყოფილებასთან ახლოს, სამი აფეთქება მოხდა, რასაც ეკიპაჟის ორი წევრი ემსხვერპლა. აფეთქებების შედეგად გემი გადაიხარა და მოძრაობა შეაჩერა.
ეკიპაჟის გადარჩენილმა 14-მა წევრმა გემი სამაშველო ნავით დატოვა, მოგვიანებით კი ისინი ესპანურმა სამაშველო გემმა გადაარჩინა. დასახმარებლად ადგილზე ესპანეთის სამხედრო გემიც მივიდა, თუმცა დაახლოებით ნახევარ საათში რუსულმა სამხედრო გემმა "ივან გრენმა", რომელიც Ursa Major-ს აცილებდა, მიმდებარე გემებს 2 საზღვაო მილის დისტანციის დაცვა უბრძანა, მოგვიანებით კი გადარჩენილი ეკიპაჟის დაუყოვნებლივ დაბრუნება მოითხოვა.
ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა სამაშველო ოპერაციის გაგრძელება მოითხოვა და გადარჩენილების მოსაძებნად ვერტმფრენი გაგზავნა.
გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს თქმით, თავდაპირველად Ursa Major-ი სტაბილურად გამოიყურებოდა და მისი სწრაფად ჩაძირვის ალბათობა დაბალი იყო. თუმცა, 21:50 საათზე "ივან გრენმა" ადგილის თავზე წითელი სასიგნალო შუშხუნების სერია გაუშვა, რის შემდეგაც ოთხი აფეთქების ხმა გაისმა.
ესპანეთის ეროვნულმა სეისმურმა ქსელმა CNN-ს დაუდასტურა, რომ ამ დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალქვეშა აფეთქებების შესაბამისი ოთხი სეისმური იმპულსი დაფიქსირდა.
გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, Ursa Major-ი ოფიციალურად ჩაძირულად 23:10 საათზე გამოცხადდა.
გადარჩენილი 14 რუსი საპორტო ქალაქ კარტახენაში გადაიყვანეს, სადაც ისინი ესპანეთის პოლიციამ და გამომძიებლებმა დაკითხეს. ესპანეთის მთავრობის მიერ ოპოზიციისთვის წარდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსი კაპიტანი უსაფრთხოების მიზნით გემის ტვირთის შესახებ საუბარს ერიდებოდა.
განცხადების თანახმად, კაპიტანზე ზეწოლა განხორციელდა, რათა განემარტა, რას გულისხმობდა "ლიუკებში". საბოლოოდ მან აღიარა, რომ ეს იყო წყალქვეშა ნავებში გამოყენებული რეაქტორების მსგავსი ორი ბირთვული რეაქტორის კომპონენტები. მისი ჩვენების მიხედვით, რომლის დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია, ისინი ბირთვულ საწვავს არ შეიცავდნენ.
ადრინდელი ცნობებით, ვარაუდობდნენ, რომ Ursa Major-ი შესაძლოა სირიისკენ მიემართებოდა რუსული სამხედრო ბაზების ევაკუაციაში დასახმარებლად.
BM.GE
წყარო: bm.ge