
დააკავეს ორი პირი, რომლებმაც მდინარე სუფსიდან 380 804 ლარის ინერტული მასალა უკანონოდ ამოიღეს და გაყიდეს
დააკავეს ორი პირი, რომლებმაც მდინარე სუფსიდან 380 804 ლარის ინერტული მასალა უკანონოდ ამოიღეს და გაყიდეს. როგორც საგამოძიებო სამსახური იტყობინება, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია ორი პირი - ვ.გ და ლ.ს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გურიის რეგიონში, მდინარე სუფსიდან, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომლის რეალიზაციასაც სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე ახდენდნენ. ჯამში უკანონოდ მოპოვებულ იქნა 380 804 ლარის ღირებულების 32 957 კუბური მეტრი ინერტული მასალა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 494 345 ლარი შეადგინა. ამასთანავე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განახორციელა 45 713 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს", - იტყობინება საგამოძიებო სამსახური.
BM.GE
წყარო: bm.ge